ახალი ამბები

ინფექციურში 5 მძიმე პაციენტია, აქედან 2 კრიტიკულია – ეზუგბაია

2 აპრილი, 2020 • 1245
ინფექციურში 5 მძიმე პაციენტია, აქედან 2 კრიტიკულია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის Covid 19-ის 5 მძიმე პაციენტი მკურალობს, აქედან 2 კრიტიკულია.

„5 მძიმე პაციენტია, აქედან 2 კრიტიკული და არასტაბილურია, დანარჩენი სამის მდგომარეობა მანამდე ახლოს იყო კრიტიკულთან, თუმცა უკვე დასტაბილურდა“, – ამბობს ეზუგბაია და განმარტავს, რომ ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 36 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი მოთავსეს, მათ შორის არის მოზარდიც. პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის და მათ უტარდებათ კვლევები.

რაც შეეხება ზემოხსენებული 4 პაციენტის ინფიცირების წყაროს, ეზუგბაია ამბობს, რომ ერთის წყარო სომხეთია, 2 კი შემოტანილია საფრანგეთიდან. მე-4 პაციენტის წყარო ბოლომდე მოძიებული არ არის – „ მაგრამ იკვეთება, რომ შემოტანილია“.

საქართველოში 2 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის 130 შემთხვევა დასტურდება, აქედან 26 გამოჯანმრთელებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი