ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დღეს, 1 აპრილს, ბულგარეთიდან საქართველოს 102 მოქალაქე ჩარტერული რეისით ჩამოვიდა. ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
„რეისმა ასევე ჩამოიყვანა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა“, – წერს სამინისტრო.
ამასთან, სამინისტროს ცნობით, ჩარტერულo რეისით სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებმაც ბულგარეთი – თურქეთის საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხების გამო ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება.
ბულგარეთიდან ჩარტერული რეისი ავიაკომპანია Myway Airlines-მა შეასრულა.