ახალი ამბები

ავტოსახელოსნოებს საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობა შეუძლიათ

1 აპრილი, 2020 • 1786
ავტოსახელოსნოებს საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობა შეუძლიათ

ავტოსახელოსნოებს საგანგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობა შეუძლიათ იმ პირობით, თუ გაითვალისწინებენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს – ადამიანებს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია და დახურულ სივრცეში მათი რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 10-ს.

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოცემულ 23 მარტის 181-ე დადგენილებაში ჩამოთვლილია ეკონომიკური საქმიანობის ის გამონაკლისები, რომლის განხორციელებაც არ იზღუდება. ამ ჩამონათვალშია ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობაც.

ნეტგაზეთი ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ქუთაისსა და თბილისში ავტოსახელოსნოების დახურვის მიზეზების გარკვევა დაიწყო. რამდენიმე ავტოსახელოსნოს წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ მუშაობა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო შეაჩერეს. მაგალითად, ქუთაისში არსებული რამდენიმე ავტოსახელოსნოს მფლობელის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მუშაობას არ შეაჩერებდნენ, ისინი სამართალდამცავებმა გააფრთხილეს მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული წესების დარღვევა იურიდიული პირის 15 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

საგანგებო მდგომარეობის დროს ავტოსახელოსნოების მუშაობა რომ არ იზღუდება, ეს დაგვიდასტურეს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო ცხელ ხაზზე 144, ასევე, ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

ავტოსახელოსნოების მფლობელების თქმით,  მუშაობა შეაჩერეს  მოსალოდნელი ჯარიმების შიშით და არ იცოდნენ, რომ მუშაობა შეუძლიათ.

მათთვის, ვისაც ავტომობილის შეკეთება სურს, პრობლემა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ავტონაწილების შოვნა, რადგან ავტონაწილების მაღაზიები დაკეტილია და პროდუქციის გაყიდვა არც ინტერნეტით შეუძლიათ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდე გამოცხადდა კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით. დაკეტილია ობიექტების დიდი ნაწილი, მცირე გამონაკლისების გარდა, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, ბანკები, ავტოსახელოსნოები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. დღეს, 1 აპრილს პრემიერის ახალი დადგენილება გამოქვეყნდა, სადაც იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც ამ პირობებში მუშაობას გააგრძელებენ.

ნებისმიერი სახის ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიიღოთ მთავრობის ცხელ ხაზზე 144.

მასალების გადაბეჭდვის წესი