ახალი ამბები

გოგი წულაია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

1 აპრილი, 2020 • 1429
გოგი წულაია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე პატრულმა დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა.

ვიდეო მასალის მიხედვით, პატრულმა წულაია იმ დროს დააკავა, როდესაც ის სავალუტო ჯიხურების დახურვას აპროტესტებდა და ამასთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავდა ქუჩაში. პატრულის თანამშრომლის განამრტებით კი წულაიას საგანგებო მდგომარეობისას პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვის უფლება არ ჰქონდა, რასაც მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

როგორც გავრცელებული ვიდეო მასალიდან ირკვევა, პატრული მას ეუბნება, რომ შელაპარაკებისას წულაიამ პოლიციელებს მიმართა სიტყვებით “დედას გიტირებთ”, რაც პატრულის თანამშრომლის თქმით, პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ნიშნავს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

გოგი წულაიას თანაგუნდელის, კახა კუკავას თქმით, ამ წუთებში წულაიას ოქმს უწერენ და მას მალე გაათავისუფლებენ.

https://www.facebook.com/imeretifree/videos/3180280758729942/?t=50

მასალების გადაბეჭდვის წესი