ახალი ამბები

“საქართველოს ფოსტა” შაქრიანი დიაბეტის მქონე პირების ნაწილს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

1 აპრილი, 2020 • 895
“საქართველოს ფოსტა” შაქრიანი დიაბეტის მქონე პირების ნაწილს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

“საქართველოს ფოსტის” ინფორმაციით, დიაბეტის მქონე პირებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის. ამის შესახებ ინფრომაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, დღეიდან, 1 აპრილიდან, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ფოსტის კურიერებმა კი აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს.

“კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაციით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან და მათთვის მედიკამენტები ან მთავრობის პროგრამებით მათთვის განკუთვნილი სხვა პროდუქცია მიაქვთ”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფრომაციით, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებთან ერთად დარიგდება საქართველოში დამზადებული პირბადეებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი