ახალი ამბები

ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა – რატიანი

1 აპრილი, 2020 • 1319
ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განმარტებით, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა ადამიანი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ამ დრომდე ყველაზე მძიმე პაციენტად მიიჩნეოდა.  ის კლინიკიდან სახლში დღეს გაეწერება. ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებისას ქალს აღენიშნებოდა დამძიმებული ანამნეზი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსით დაავადებულებში ყველაზე მაღალი რისკის შემცველად ითვლება.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა ჩვენს კლინიკაში, გამოჯანმრთელდა. შემოსვლისთანავე ქალბატონს დაუდასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ამ ეტაპამდე მედიკოსებისთვის უცნობია ვირუსის სტრატეგია, მას ჩაუტარდა ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა, როგორც ჯანმოს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენს მიერ დანიშნული. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, კრიტიკულად. იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვინადან უჭირდა სუნთქვა, იყო სომნულენტური ანუ ძილიანი. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე”, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში, 1 აპრილის, 14:00 საათის მონაცემებით, ფიქსირდება კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -301 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი