ახალი ამბები

ქედს ვიხრი სამედიცინო პერსონალის წინაშე – გამყრელიძის შვილი Covid 19-სგან განიკურნა

1 აპრილი, 2020 • 1779
ქედს ვიხრი სამედიცინო პერსონალის წინაშე – გამყრელიძის შვილი Covid 19-სგან განიკურნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. ის 22-ე პაციენტია, რომელიც საქართველოში Covid 19-სგან გამოჯანმრთელდა.

„არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და, როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი, ყველას ჯანმრთელობისთვის.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირად დავინახე, როგორც პაციენტმა“, – წერს გამყრელიძე ფეისბუკზე.

ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. ის სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” მმართველი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორია და კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან დაბრუნებულ, კორონავირუსით დაინფიცირებულ მე-4 პაციენტთან.

საქართველოში, 1 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 22 გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი