ახალი ამბები

ცერცვაძის თქმით, ტესტირების ახალი ალგორითმი დამტკიცდა

1 აპრილი, 2020 • 2777
ცერცვაძის თქმით, ტესტირების ახალი ალგორითმი დამტკიცდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შემუშავებულია ახალი პროტოკოლი, რომელიც COVID-19-ით შესაძლო ინფიცირებულის ტესტირების ალგორითმს განსაზღვრავს.

ტელეკომპანია რ2-ის ცნობით, ცერცვაძემ ამ საკითხზე მათ ეთერში ისაუბრა. ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გაფართოებული სხდომა გაიმართა, სადაც არაერთმა ექსპერტმა და სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ცერცვაძე ხსნის, ახალი მიდგომა გაითვალისწინებს ე.წ. შიდა გავრცელების კომპონენტს და თუ აქამდე ტესტირებისთვის საჭირო იყო, რომ პირს სიმპტომებთან ერთად მოგზაურობის ისტორია, ასეთი ისტორიის მქონესთან კონტაქტი ან დაავადებულთან საქართველოში ჰქონოდა შეხება, ახლა ამ კრიტერიუმებს სხვებიც დაემატა. თუმცა ეს თავდაპირველი კომპონენტი ძალაში დარჩა.

“სამი პაკეტი შეიქმნა ალგორითმში – პირველი დარჩა უცვლელი, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ, კვლავ დაექვემდებარებიან ტესტირებას, ამას დაემატა მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ, თუმცა არიან რისკის ქცევებით, მაგალითად – პიროვნებას არ აქვს სიმპტომები დღეს, მაგრამ ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში ან უმასპინძლა იტალიელებს, ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან. ეს პიროვნებაც ექვემდებარება გამოკვლევას, ოღონდ გარკვეული პირობებით. ან ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც COVID-19-ის მქონე ავადმყოფებს უვლიან.

მესამე პაკეტი – ვინც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ რისკფატქორები არ აქვს. ანუ ახველებს, აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე რუსთავის 2-ის ცნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი