ახალი ამბები

რუსეთიდან საქართველოში არ გამოუშვეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები

1 აპრილი, 2020 • 12274
რუსეთიდან საქართველოში არ გამოუშვეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები

რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც მოსკოვიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ, ლარსზე რუსეთის მესაზღვრეებმა არ გამოუშვეს, — უამბობს „ნეტგაზეთს“ მოქალაქე, რომელიც მათთან ერთად მგზავრობდა.

მიზეზად მესაზღვრეებმა რუსეთის ხელისუფლების მიერ Covid-19-თან საბრძოლველად გამოცემული ბრძანება დაუსახელეს.

საქართველოს მოქალაქე გიორგი ხასია, რომელიც ახლახან დაბრუნდა საქართველოში, „ნეტგაზეთს“ უამბობს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა მის ახლობლებს, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთ/საქართველო) აქვთ, რუსეთის საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს.

მისი მონათხრობის თანახმად, საზღვარზე ლოდინისას სულ მცირე 20 ადამიანი ნახა, რომელიც მსგავს ვითარებაში იყო ჩავარდნილი. მათ უკან დაბრუნება მოუწიათ.

განკარგულებით, რომელსაც 27 მარტს მოაწერა ხელი რუსეთის პრემიერმა მიხაილ მიშუსტინმა, 30 მარტიდან რუსეთის საზღვრის კვეთა აიკრძალა.

მართალია, გამონაკლისები დაწესდა სხვადასხვა კატეგორიაზე, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუმცა გამონაკლისების ჩამონათვალში ცალკე ნახსენები არ არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

ორმაგი მოქალაქეობა რუსეთში მცხოვრებ არაერთ ქართველს აქვს.

განახლება — 1 აპრილი, 13:00 საათი: რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ 30 მარტს ლარსზე არ უშვებდნენ როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა 31 მარტიდან [სიტუაცია გამოსწორდა და] მათ საზღვარზე შეფერხება აღარ ექნებათ.

ამის მიუხედავად, ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუსულ მხარეს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უთხრეს, რომ არ გაუშვებენ.


რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ტელეფონის ნომერია:

+7 495 690 46 57


რა ხდება?

გიორგი ხასია, რომელიც ამჟამად უკვე საქართველოშია და ორკვირიან კარანტინს გადის გუდაურში, გვიამბობს:

„მე ჩემი ნათესავი და მეგობარი მოსკოვიდან მანქანით წამოვედით. გუშინ, 30 მარტს, დღის 12 საათზე მოვადექით საზღვარს რუსეთის მხრიდან. ნათესავიც და მეგობარიც, რა თქმა უნდა, ქართველები არიან, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

მე საქართველოს მოქალაქე ვარ — რუსეთში ბინადრობის მოწმობა მქონდა — ასე რომ, მე უპრობლემოდ გამომიშვეს. მაგრამ ნათესავს და მეგობარს უარი უთხრეს, რადგან მათ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. ფაქტია, რომ მებაჟემ ამ მიზეზით არ გამოუშვა.

ჩვენ რომ მივედით, იმ დროს იქ უკვე იდგა 20-მდე ადამიანი, ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც ასევე არ გამოუშვეს.

დაახლოებით 9 საათი ვიდექით საზღვარზე, რუსეთის მხრიდან, გარეთ… მოდიოდნენ მანქანები. ყველა, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, უკან გააბრუნეს.

[ჩვენ სამნი] ღამის 9 საათამდე იქ ვიყავით, იქნებ რამე შეიცვალოსო, მაგრამ არც ხვეწნამ გაჭრა, არც არაფერმა, საბოლოოდ იძულებული გავხდი, მარტო წამოვსულიყავი და ისინი გავუშვი უკან, მოსკოვში.

ასევე, შევესწარი, როგორ გააბრუნეს უკან ორი პიროვნება, — მათაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ, — რომლებიც მიცვალებულს მოასვენებდნენ. არც ისინი შემოუშვეს და მიცვალებული მძღოლმა წაიყვანა ქართველების საზღვრამდე. მიცვალებულსაც არ გამოაყოლეს ჭირისუფალი, ისინიც მიაბრუნეს უკან. ცხედარს რა ბედი ეწია ამის შემდეგ, აღარ ვიცი.

ჩვენს მხარეს რომ შემოვედი, ქართველმა მებაჟეებმა მკითხეს, ქართველების ნაკადს ვერ ვხედავთ და არ არიან ქართველებიო? ანუ ქართველ მებაჟეებსაც არ ჰქონდათ ამ საკითხზე ინფორმაცია.

ეს ინფორმაცია არ არის ჯერ ხალხში გავრცელებული. ნაცნობებს კი გავაგებინეთ, — დღეს კიდევ უნდა წამოსულიყვნენ ნაცნობი ბიჭები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, პატარა ბავშვებით, — მათ ვუთხარით და ისინი დარჩნენ მოსკოვში.

მაგრამ ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია. ხალხი გაწვალდება. წარმოიდგინეთ, რა შორი დისტანციიდან იყვნენ ჩამოსული… ზოგიერთმა ნაქირავები ბინა დააბრუნა, ახლა უკან ვერ მიდიან, წინ ვერ მოდიან, კაპიკები უდევს ყველას ჯიბეში…

ინტერნეტშიც ვეძებე რუსულ საიტებზე ამ ამბავზე, იქნებ გავარკვიო, რა ხდება- მეთქი, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა არ არის ნახსენები აკრძალვებში და რატომ ხდება ასე, არ ვიცი. იმედია, გაირკვევა რამე“…

განკარგულება

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის 27 მარტის განკარგულებით, Covid-19-ის პანდემიასთან საბრძოლო ღონისძიებების ზომები გამკაცრდა და რუსეთმა სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა.

განკარგულება ძალაში 30 მარტს შევიდა. კერძოდ, განკარგულებით დროებით შეიზღუდა რუსეთის ფედერაციის საზღვრის გასწვრივ საავტომობილო, სარკინიგზო, საცალფეხო და სხვა სახის გააადგილება, — როგორც შესვლა, ასევე გამოსვლა.

ამავე განკარგულებაში მითითებულია არაერთი გამონაკლისი, — მაგალითად, განკარგულება არ ეხება დიპლომატებს, ოფიციალურ დელეგაციებს, სატვირთოების მძღოლებს და ა.შ.

გამონაკლისების სიაში ნახსენებია უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა არაფერია ნათქვამი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე.

რას ამბობს ხელისუფლება?

„ნეტგაზეთთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში გამოგზავრებამდე დეტალები ინდივიდუალურად დააზუსტონ მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში, სადაც საქართველოს ინტერესთა სექცია ფუნქციონირებს და ამჟამადაც მუშაობს.

განახლება — 1 აპრილი, 13:00 საათი: რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ 30 მარტს ლარსზე არ უშვებდნენ როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა ამიერიდან მათ საზღვარზე შეფერხება აღარ ექნებათ.

ამის მიუხედავად, ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუსულ მხარეს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ საზღვარზე არ გაატარებენ და სახლში დარჩენა ურჩიეს.


ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 2337 შემთხვევა და 17 გარდაცვალების ფაქტია ოფიციალურად დადასტურებული, თუმცა რუსეთის ხელისუფლების წარმოებულ სტატისტიკას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს.

29 მარტს მოსკოვში და მის გარეუბანში კარანტინი გამოცხადდა და მოქალაქეებისთვის ახალი წესები დადგინდა.


რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ტელეფონის ნომერია:

+7 495 690 46 57

ელ-ფოსტა: moscow.emb@mfa.gov.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი