ახალი ამბები

საკონტროლო პუნქტი თბილისთან – ფოტორეპორტაჟი

31 მარტი, 2020 • 1483
საკონტროლო პუნქტი თბილისთან – ფოტორეპორტაჟი

თბილისის შემოსასვლელში კარანტინის ფარგლებში მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები უკვე მოწყობილია. ნეტგაზეთმა დღეს ფოტოკამერაზე აღბეჭდა ერთ-ერთი ასეთი პუნქტი, რომელიც მცხეთა-თბილისის გზაზეა აღმართული.

პოლიციელები და სამხედროები დედაქალაქში შემომავალ მანქანებს შემთხვევითობის პრინციპით აჩერებენ და ამოწმებენ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს მძღოლისა და მგზავრების დოკუმენტების შემოწმებას, შემდეგ კი, ადგილზე გაშლილ სპეციალურ კარავში სიცხის გაზომვას.

ამის შემდეგ სამართალდამცავები სპეციალური ხსნარებით დეზინფექციას უტარებენ ყველა გაჩერებულ ავტომობილს. აღნიშნულ პროცედურას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი და მგზავრები არ არღვეევნ საგანგებო მდგომარეობისას დადგენილ წესებს, ისინი თავისუფლად აგრძელებენ გზას. დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია მათ მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებს და სთხოვს, რომ დაიცვან წესები. აღნიშნული წესები გულისხმობს ავტომობილში მაქსიმუმ 3 ადამიანის ყოფნას (მძღოლის ჩათვლთ). გარდა ამისა, მძღოლის გვერდით არავინ არ უნდა იჯდეს.

პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, დღეს, 31 მარტს, მსგავსი საკონტროლო პუნქტები მოეწყო შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. საკონტროლო პუნქტები ეწყობა თელავსა და ახალციხეში.

ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, ღონისძიებას ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც თბილისის შესასვლელთან არსებულ ვითარებას ასახავს:

საკონტროლო პუნქტი_თბილისი_დეზინფექცია

მასალების გადაბეჭდვის წესი