ახალი ამბები

კახეთში პირი დაკრძალვაზე ჩავიდა, შემდგომ კორონავირუსი დაუდასტურდა

31 მარტი, 2020 • 37423
კახეთში პირი დაკრძალვაზე ჩავიდა, შემდგომ კორონავირუსი დაუდასტურდა

19 წლის ახალგაზრდას, რომელიც კახეთში ბაბუის დაკრძალვაზე ჩავიდა, გუშინ, 30 მარტს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

ინფორმაცია თავდაპირველად Reginfo-მ გაავრცელა.

ნეტგაზეთს გურჯაანის ჯანდაცვის ცენტრის სამსახურის უფროსმა მანანა გოგაშვილმა უთხრა, რომ ახალგაზრდა თბილისის მკვიდრია და კახეთის სოფელ კარდენახში 17-18-19 მარტს იმყოფებდა. რამდენიმე დღის შემდგომ მან თავი შეუძლოთ იგრძნო, 30 მარტს კი  Covid 19-ის დიაგნოზი დაუდასტურდა.

რაც შეეხება მის კონტაქტებს, დაახლოებით, 12 პირს, ჯერჯერობით ვირუსი არ უდასტურდებათ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საქართველოში, 31 მარტის [17:25 საათის] მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციის 110 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 21.  ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყანაში 89 აქტიური პაციენტი ფიქსირდება, ანუ ის პირი, ვინც ახლა მკურნალობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

ქვეყანაში გამოცხადებულია საყოველთაო კარანტინი, მათ შორის, იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, როგორც ქალაქებს შიგნით, ასევე ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის.

ვრცლად ნახეთ აქ:

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი