ახალი ამბები

დაახლოებით 1300 ადამიანს ხელშეკრულება შეუწყდება – „ევოლუშენ გეიმინგი“

31 მარტი, 2020 • 2216
დაახლოებით 1300 ადამიანს ხელშეკრულება შეუწყდება – „ევოლუშენ გეიმინგი“

ონლაინ -აზინო „ევოლუშენ გეიმინგი“ დაახლოებით 1300 დასაქმებულს კონტრაქტს ნაადრევად შეუწყვეტს. მანამდე ხელშეკრულება 3000-მდე ადამიანს დროებით შეუჩერდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს 1300 დასაქმებული იმ 3000 ადამიანს შორისაა, ვისაც ხელშეკრულება რამდენიმე კვირის წინ შეუჩერეს. 1300-ვე 6-თვიან გამოსაცდელ ვადას გადიოდა.

„ევოლუშენ გეიმინგი“ განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე მიიღეს, თუმცა 2 თვის განმავლობაში დასაქმებულებს ჯანმრთელობის დაზღვევა შეუნარჩუნდებათ.

ნეტგაზეთს ასევე მიმართა „ევოლუშენ გეიმინგში“ ერთ-ერთმა ყოფილმა დასაქმებულმა. მისი თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს უთხრა, რომ სამუშაო ფორმა 6 აპრილამდე უკან დაებრუნებინათ, წინააღდეგ შემთხვევაში ეს თანხა ხელფასიდან ჩამოეჭრებოდათ.

ამ კითხვით ჩვენ კომპანიასაც მივმართეთ, სადაც ინფორმაცია უარყვეს და ოფიციალური პასუხის სახით გვითხრეს, რომ ამ საკითხის შესახებ ყველა დასაქმებულს უკვე მიმართეს და პრობლემის მოგვარებას მალევე ეცდებიან.

„ევოლუშენ გეიმინგმა“ კორონავირუსის გამო მუშაობა 23 მარტს შეწყვიტა, ამავე დღეს დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერეს.

ამ გადაწყვეტილებამდე ნეტგაზეთს კომპანიის ორი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით ჩავწერეთ.

ორივე მათგანი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ თანამშრომლებმა ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, გაემკაცრებინათ სანიტარული ნორმები. მათი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში ერთ სივრცეში მომუშავე ათობით და ასობით ადამიანი რისკს წარმოადგენდა. კომპანია აცხადებდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას იცავდა.

წაიკითხეთ ვრცლად:

თანამშრომლების ნაწილის ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე – ევოლუშენ გეიმინგი

მასალების გადაბეჭდვის წესი