ახალი ამბები

თანამშრომლების ნაწილის ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე – ევოლუშენ გეიმინგი

23 მარტი, 2020 • 2657
თანამშრომლების ნაწილის ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე – ევოლუშენ გეიმინგი

ონლაინ კაზინო „ევოლუშენ გეიმინგი“, რომელშიც 3 000 ადამიანია დასაქმებული, ამბობს, რომ კორონავირუსის გამო მუშაობას წყვეტს, მათი თანამშრომლების ნაწილს კი – თამაშის წარმდგენებსა და ბანქოს მჩეხავებს ანაზღაურების გარეშე შრომით ხელშეკრულებას უჩერებს.

კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ ვირუსის რისკის გამო საქმიანობის შეწყვეტა მოუხდა, რაც ხელისუფლების მითითების საფუძველზე მოხდა. ამასთანავე:

„ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მუშაობის პროცესში თავი იგრძნო შეუძლოდ. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალურ ოთახში. გეგმის შესაბამისად, დავუკავშირდით სამედიცინო სამსახურს, რომელმაც არ ჩათვალა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვირუსის სიმპტომები და, შესაბამისად, არ მოხდა მისი ტესტირება.

მას უბრალოდ მიეცა მითითება წასულიყო სახლში, თვითიზოლაციაში. გარკვეული დროის შემდეგ ამ ადამიანმა დაადასტურა, რომ თავს გრძნობდა კარგად და არ ჰქონდა სიმპტომები, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე თავად ეს ადამიანი და ყველა მასთან შემხებლობაში მყოფი პირი, სახლში გაგზავნის შემდეგ, არიან თვითიზოლაციაში“, – ამბობს კომპანია ოფიციალურ განცხადებაში.

სწორედ ამიტომ, კომპანიას სტუდიის შემდგომი საქმიანობის შესახებ შეჩერების მითითება მისცა.

„ყველა თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა სტუდიებში, სახლშია და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვიწევს შევაჩეროთ საქმიანობა, ჩვენი თანამშრომლების – თამაშის წარმდგენებისა და ბანქოს მჩეხავების შრომითი ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, კომპანია დასძენს, რომ ატარებდა ყველა რეკომენდაციას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასცა.


ამ გადაწყვეტილებამდე ნეტგაზეთს ამ კომპანიის ორი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით ჩავწერეთ.

ორივე მათგანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თანამშრომლებმა ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, გაემკაცრებინათ სანიტარული ნორმები. მათი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში ერთ სივრცეში მომუშავე ათობით და ასობით ადამიანი რისკს წარმოადგენს.

ამ ინფორმაციას კომპანიაში უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველა სანიტარულ ნორმას იცავენ.

ვრცლად:

კორონავირუსი: „ევოლუშენ გეიმინგი“ მუშაობას წყვეტს

23 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 354,677 დადასტურებულ შემთხვევის შესახებაა ცნობილი. აქედან გარდაიცვალა 15,436, გამოჯანმრთელდა 100,462.

საქართველოში ცნობილია 61 დადასტურებულ შემთხვევაზე, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი