ახალი ამბები

აპრილის ბოლოსთვის გვეცოდინება Cepheid-ისგან, როდის მივიღებთ სწრაფ ტესტებს – გაბუნია

31 მარტი, 2020 • 1730
აპრილის ბოლოსთვის გვეცოდინება Cepheid-ისგან, როდის მივიღებთ სწრაფ ტესტებს – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სწრაფი ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან.

გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის საქართველოს აქვს ანტიგენზე დამყარებული 2 000 სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისთვის, რომ ისევ პჯრ-მეთოდით გადამოწმდეს, და ანტისხეულებზე დამყარებული 4 000 ტესტი, რომელიც პასუხს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა “ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში”.

“რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებთან მოლაპარაკებას, მიმწოდებელი არის არაერთი და კომერციული ინტერესების დაცვის მიზნებისთვის დასახელებას არ დავიწყებ. მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც სამხრეთ კორეასთან, ასევე, ჩინეთთან, და  ეტაპობრივად გვპირდებიან სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მუშაობა “ცეფეიდთან”. “ცეფეიდის” დასახელება შემიძლია, რადგან ცნობილია, რომ ის არის ერთადერთი მწარმოებელი პჯრ-მეთოდზე დამყარებული კარტრიჯებისა. ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადებისთვის. “ცეფეიდის” შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი სარწმუნოების და სწრაფად შესრულებად ტესტირებაზე”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, “ცეფეიდის” სათავო ოფისთან მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით და დროულად დასრულდეს.

“საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, არის მოლოდინის რეჟიმში, რიგია. იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოსკენ გვექნება უკვე კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა “ცეფეიდის” კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას კლინიკებში”, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რომ წახალისდეს ტესტების ფართო ხელმისაწვდომობა და ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადდება ალგორითმი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში და ვის აქვს ტესტირების უფლება, ხარისხის კონტროლის მექანიზმის ჩათვლით. ასევე, ყველა კერძო კლინიკა იქნება ვალდებული, სახელმწიფოს აცნობოს ტესტირების შედეგების შესახებ.

“ცალსახად მიუღებელია ტესტირების შესაძლებლობის პირდაპირი რეკლამა მოქალაქეებთან, პაციენტებთან, რომლებიც არ არიან სათანადო კომპეტენციით აღჭურვილი იმისთვის, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად საჭიროა მათთვის ტესტი”, – განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ ფიზიკურ პირს დამოუკიდებლად არ უნდა შეეძლოს ტესტების შეძენა და ალგორითმის ფარგლებში ეს საკითხიც დარეგულირდება.

რაც შეეხება პჯრ- ტესტების მარაგს ქვეყანაში, გაბუნიას თქმით, ის საკმარისია და დეფიციტის რისკს ვერ ხედავს. ასევე, ლუგარის ლაბორატორია მიმდინარე რეჟიმში მუშაობს და უახლოეს დღეებში ელის შევსებას.

დღესდღეობით, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდი. ამ მეთოდით ხდება ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში.

პჯრ- მეთოდის გარდა, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ასევე, შესაძლებელია იმუნოფერმენტული ანალიზის და/ან სწრაფი მარტივი მეთოდის გამოყენებით. ამ უკანასკნელი მეთოდების საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო IgM და IgG სისხლში ან SARS-CoV-2-ის ანტიგენი ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი