თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
როგორც ექიმმა აღნიშნა, აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა სხვადასხვა თანმდევი დაავადების გამო იყო მძიმე.
“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. პირველადი ჩატარებული ტესტით კორონავირუსი არ უდგინდება. აქედან გამომდინარე, 24 საათში გავიმეორებთ ტესტირებას და იმედია, ხვალ ეს პაციენტი კლინიკას დატოვებს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ COVID-19 მკვლელი არ არის.
ამ ქალბატონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაში იყო: მწვავე რესპირატორული სინდრომით, მორბიდული სიმსუქნით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. სხვა პასუხს მივიღებთ და გაეწერება კლინიკიდან. ის პროტოკოლის დაცვით თვითიზოლაციაში იქნება”,-ამბობს ექიმი.
31 მარტის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 110 პაციენტს დაუდასტურდა, საიდანაც 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 ათასამდე პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280-მდე.