ეროვნული ბანკის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 31 მარტიდან დროებით მუშაობას წყვეტენ სესხის გამცემი ორგანიზაციები, რომლებიც ოფისიდან მუშაობენ, ასევე, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები და სხვა საფინანსო სფეროში მოღვაწე კომპანიები.
საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული ეს გადაწყვეტილება არ ეხება კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც სებ-ის თანახმად, უწყვეტ რეჟიმში გააგრძლებენ ფუნქციონირებას, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.
ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები”,-ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნულ ბანკში ასევე აცხადებენ, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება ხდება. ამასთან, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კვლავ შესაძლებელია.
ცენტრალური ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ-გადახდის სერვისები, რათა ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლა უფრო ეფექტურად შეძლოს.