ახალი ამბები

EU-ს მიერ გამოყოფილი 90 მლნ ჯანდაცვას და ზიანის აღმოფხვრას მოხმარდება – ზალკალიანი

30 მარტი, 2020 • 1034
EU-ს მიერ გამოყოფილი 90 მლნ ჯანდაცვას და ზიანის აღმოფხვრას მოხმარდება – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მლნ ევრო საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და კორონავირუსის მიერ მოყენებული ზიანის აღმოფხვრას მოხმარდება.

ზალკალიანი ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობას უხდის ევროკავშირს დახმარებისთვის და ამბობს:

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“, – წერს დავით ზალკალიანი.


30 მარტის საღამოს [19:50 საათის] მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 100 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 18. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 82 აქტიური პაციენტის შესახებაა ცნობილი, ანუ იმ პირის, ვისაც ამ წუთებში ინფექცია ჯერ კიდევ აქვს და მკურნალობს.

ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 266.

ხვალიდან, 31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

ვრცლად:

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი