ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოლაპარაკებების აფხაზური ვარიანტი, ანუ კონკრეტულად არაფერი

30 მარტი, 2020 • 2825
მოლაპარაკებების აფხაზური ვარიანტი, ანუ კონკრეტულად არაფერი

ზურა წურწუმია, მედიევისტი, თბილისი


აფხაზ პოლიტიკოსებს შორის აფხაზური დიალოგის განახლების თემა 2020 წლის იანვრის პოლიტიკური კრიზისის დროს გაცოცხლდა. თუმცა დიალოგის საკითხი უფრო მეტად მედიის აქტიურობამ გამოიწვია, ვიდრე თავად პოლიტიკოსების ინიციატივამ, რადგან თბილისთან ურთიერთობის გადახედვაზე აფხაზურ საზოგადოებაში დისკუსია არ მიმდინარეობდა, მისი აუცილებლობაც არ ჩანდა. განცხადებებიც პირველ ეტაპზე შესაბამისი იყო – ზოგადი და კონკრეტიკისგან დაცლილი.

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ სოხუმში არავის დავიწყებია ეს განცხადებები, რადგან 22 მარტს ჩანიშნული იყო დე ფაქტო პრეზიდენტის ხელმეორე არჩევნები, ხოლო განცხადებებმა დიალოგის თაობაზე აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ცხადი იყო, ეს თემა წინასაარჩევნო პროცესის ნაწილი გახდებოდა და მთავარ კანდიდატ ასლან ბჟანიას თავისი ნათქვამის უფრო მეტად გაშლა და განმარტება მოუწევდა. აუდიტორია კი უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი ამომრჩეველი იქნებოდა.

ეს განმარტებები ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან ხანგრძლივ ინტერვიუში გააკეთა. მის მიმართ, როგორც მთავარი კანდიდატის მიმართ აფხაზურ საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობდა: რას აკეთებდა ბჟანია 1992-93 წლების ომის დროს, როგორი იქნებოდა მისი გეგმა კორუფციასთან, კრიმინალთან ბრძოლაში და, ბუნებრივია, კითხვები ეხებოდა მის განცხადებებსაც თბილისთან დიალოგის თაობაზე.

თბილისთან დიალოგის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემა ბჟანიამ 1999 წლის აგვისტოთი დათარიღებული არძინბას ინტერვიუდან დაიწყო, სადაც აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. შესავლის სახით მან ასევე წინასწარვე გააკეთა განმარტება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ წარმოადგენს განხილვის საგანს: „ეს საკითხი გადაჭრილია ერთხელ და სამუდამოდ“.

ფორმა და შინაარსი, რითაც ბჟანიამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაიწყო, ცხადყოფს, რომ იანვრის დღეებში ერთი შეხედვით უადგილო განცხადებამ მისი „პრეზიდენტობა“ რისკების წინაშე დააყენა. მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს მეტი სიცხადე და იმის განმარტება სჭირდებოდათ, რომ ის აფხაზურ ინტერესებს არ ღალატობს.

თბილისთან დიალოგზე საუბარი მალევე წინასაარჩევნო გზავნილებად შეიცვალა. შესავალი წინასიტყვაობის შემდეგ ბჟანიამ ისაუბრა კონკრეტულ სფეროებზე და ამ სფეროებში თბილისთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე, მაგრამ არაფერი უთქვამს, თუ რატომ უნდა ითანამშრომლოს თბილისმა.

მაგალითად, ეკონომიკაზე საუბრისას ბჟანიამ მოიყვანა აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საბაჟო კომიტეტის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში წლიურად იწარმოება 10 000 ტონა თხილი, საიდანაც ცხრა ათასი ტონა კვეთს ენგურის გამშვებ პუნქტს. მეორე მხრივ, ენგურის მხრიდან აფხაზეთში წელიწადში მხოლოდ ბოსტნეულის სახით 100 მილიონი რუბლის ღირებულების პროდუქცია შედის. თბილისთან მოლაპარაკება კი, ბჟანიას მიხედვით, საჭიროა ამ ეკონომიკური საქმიანობების დასარეგულირებლად, რომ ადგილობრივმა ბიუჯეტმა ზარალი არ ნახოს. ბჟანიამ რეალურად მიანიშნა კორუფციაზე, რომელიც აფხაზური საზოგადოების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისი სიტყვები აფხაზ ამომრჩეველზე იყო გათვლილი, რადგან აფხაზური „საბაჟო“ იმუშავებს თუ არა ეფექტურად – ეს ნაკლებ გავლენას ახდენს საქართველოს მოქალაქეზე.

ბჟანიას თქმით არსებობს „ტრანსსასაზღვრო“ დანაშაული: „წელიწადში ათეულობით შემთხვევა გვაქვს, როდესაც ადამიანები აქ სჩადიან დანაშაულს და იმალებიან საქართველოში“. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუკი აფხაზი და ქართველი სამართლადამცველები ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ. ამ შემთხვევაშიც ნათლად ჩანს აფხაზური საზოგადოების პრობლემა და მათი ინტერესი, მაგრამ ისევ გაურკვეველია, თუ რა სახით ან რატომ უნდა ითანამშრომლოს თბილისმა? ენგურის ზოლს წლებია უკვე რუსეთის სამხედრო ნაწილები და ქართული პოლიცია აკონტროლებენ.

ჯანდაცვა – „წელიწადში ასეულობით ადამიანი მიდის საქართველოში სამკურნალოდ. ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეხმარებიან აფხაზეთის მოქალაქეებს. ეს ძალიან კარგია. მე არ ვაკრიტიკებ იმათ, ვინც იქ მიდის სამკურნალოდ. ჩვენ მათ ალტერნატივას ვერ ვთავაზობთ და ალბათ სწორადაც იქცევიან,“ განმარტა ბჟანიამ. რეფერალური პროგრამით სარგებლობა აფხაზური საზოგადოებისთვის პრობლემური იყო: ვერავინ საუბრობდა მასზე ღიად, ხოლო ხაჯიმბას მთავრობა ამ ურთიერთობებს არც იმჩნევდა.

ბჟანია პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც ეს ტაბუ ხმამაღლა დაარღვია და აფხაზებისთვის მორალური ბარიერი მოხსნა. აქაც გასაგებია აფხაზური საზოგადოების ინტერესი – მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება ეს პროგრამა, თუკი სოხუმი პაციენტების მოძიება/დაკავშირებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ რაში მდგომარეობს ამ ურთიერთობაში თბილისის ან საქართველოს მოქალაქის ინტერესი? ჯერჯერობით შეუძლებელია იმის გაზომვა და ანალიზი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე მეტი აფხაზი ბენეფიციარი კონკრეტულად რა დადებით გავლენას ახდენს. სოხუმის პოლიტიკა ადგილობრივი ქართველების მიმართ მეთოდურად არაჰუმანურია, არც აფხაზურ საზოგადოებაში ჩანს რაიმე სურვილი, რომ ქართველების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ბჟანიას სიტყვებში ერთადერთი კონკრეტული წინადადება გაისმა: სხვადასხვა საკითხებზე საუბარი შესაძლებელია არა მხოლოდ ჟენევაში, არამედ აქვე – ენგურზე. მსგავსი კონტაქტებისა და კომუნიკაციის არხის შექმნა ნამდვილად საინტერესოდ უნდა ჩანდეს.

ბჟანიამ სამ კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა, მაგრამ ის ესაუბრებოდა არა თბილისს, არამედ – აფხაზ ამომრჩეველს. სამივე სფერო აფხაზური საზოგადოების პრობლემას წარმოადგენს, ხოლო ბიუჯეტის ზრდა, კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლა ბჟანიას მთავარი წინასაარჩევნო დაპირებებია. მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ მისი სიტყების ადრესატი თბილისი იყო, მანდ რეალურად შემოგვთავაზა აფხაზური სახელმწიფოს შენებაში დახმარება.

თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობა 2020 წელს შესაძლოა ბჟანიას სიტყვებზე მეტად COVID-19 ვირუსმა გამოიწვიოს. ეპიდემიის მიღმა არსებული სურათი კი სულ სხვა პერსპექტივებს ტოვებს: ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს 2020 წლისთვის განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ. აფხაზებმა ახლახან ჩაატარეს არჩევნები, ხოლო საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზეა ჩანიშნული, სადაც სოხუმთან დიალოგის თემა წამგებიანი იქნება ყველა მოთამაშისთვის, რადგან ის შედეგს საარჩევნოდ ვერ მოიტანს.

თუნდაც ზოგადმა განცხადებებმა ცხადყო, რომ ამ დიალოგის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე თავად აფხაზური საზოგადოებაა. მათთვის საქართველო და ქართველებთან დიალოგის გაგონებაც კი მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოხუმი ამ ნაკლებად სავარაუდო დიალოგის პროცესში მუდმივი საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ იქნება. ქართველებთან დათმობა ნებისმიერ აფხაზ პოლიტიკოსს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, მით უმეტეს, რომ რამდენიმე წელიწადში ისევ არჩევნებია, სადაც ასაკობრივი ბარიერი ხელს უკვე ვეღარ შეუშლის კრემლის ახალ ფავორიტს – ინალ არძინბას.
პოლიტიკაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რაც იანვრის მოვლენებმა აჩვენა, იყო არა იმდენად განცხადებები დიალოგის შესახებ, არამედ მედიის როლი. რომ არა კითხვები ჟურნალისტების მხრიდან, აფხაზი პოლიტიკოსები დიალოგის საკითხს არც წამოჭრიდნენ, რადგან მისი აუცილებლობა არ არსებობდა. მედია, რომელიც სვამს კითხვებს, შესაძლოა მნიშვნელოვანი და დადებითი პროცესების წამომწყები აღმოჩნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი