ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული 101 წლის კაცი გამოჯანმრთელდა, ის „ისპანკას” დროს დაიბადა

28 მარტი, 2020 • 1114
კორონავირუსით ინფიცირებული 101 წლის კაცი გამოჯანმრთელდა, ის „ისპანკას” დროს დაიბადა

101 წლის კაცი იტალიიდან, კერძოდ რიმინიდან, ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, ვინც კორონავირუსით ინფიცირდა და გამოჯანმრთელდა. მამაკაცი ჰოსპიტალიდან უკვე გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.

იტალიური მედიის ცნობით, კაცი რიმინის საავადმყოფოში გასულ კვირას მოათავსეს მას შემდეგ, რაც ტესტირებით დადასტურდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა.

როგორც რიმინის მერი, გლორია ლიზი აცხადებს, 101 წლის კაცი ოთხშაბათს, 25 მარტს გაწერეს საავადმყოფოდან და ახლა უკვე ოჯახში იმყოფება.

მერმა ასევე დასძინა, რომ ეს მეორე პანდემიაა, რომელსაც ეს კაცი გადაურჩა. ის 1919 წელს დაიბადა ესპანური გრიპის, „ისპანკას“ მძვინვარების პერიოდში, რითაც მსოფლიოში 500 მილიონამდე ადამიანი დაავადდა – მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მესამედი.

101 წლის იტალიელი კაცი ერთადერთი არ არის ხანდაზმულთა შორის, ვინც გამოჯანმრთელდა. კორონავირუსი დაძლია ჩინეთში, უჰანში მცხოვრებმა 103 წლის ქალმა ჩჟან გუანფენმაც. ის მარტის დასაწყისში გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 1 კვირა დაჰყო, მერე კი გამოჯანმრთელდა და ოჯახში დაბრუნდა.


მთავარ ფოტოზე: რიმინი, ქალაქი, სადაც 101 წლის კაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი