ახალი ამბები

არ გვაქვს სახუმაროდ საქმე, შევდივართ პრეკრიტიკულ ფაზაში – გამყრელიძე

28 მარტი, 2020 • 1926
არ გვაქვს სახუმაროდ საქმე, შევდივართ პრეკრიტიკულ ფაზაში – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მომავალი ერთი კვირა იქნება ძალიან რთული, მით უმეტეს, კრიტიკული ფაზა ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს და საჭიროა, სოციალური დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, რათა არ მოხდეს შემთხვევების ნახტომისებურად ზრდა.

“შემთხვევათა ზრდა იქნება. განსაკუთრებით რთული გვექნება მომავალი კვირები. ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ შესაძლებელია ქვეყანაში იყოს ფართომასშტაბიანი ეპიდემია, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და რეჟიმები, თუ არ გვინდა, რომ შემთხვევების სწრაფი ზრდა გვქონდეს”, – განაცხადა გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მისი თქმით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 3-ში პირველწყარო დადგენილი არ არის, რაც აფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს უკვე ჯაჭვისებურად შემთხვევათა გავრცელებასთან, როდესაც არიან ადამიანები, ვინც დადიან საზოგადოებაში და გადამდებები არიან. გამყრელიძის ინფორმაციით, შიდაგადაცემის ერთ-ერთ შემთხვევაში გამოკვეთილია 110 კონტაქტი, თუმცა შესაძლებელია პირველწყარო არც ამ 110 კონტაქტში გამოვლინდეს.

“შევდივართ პრეკრიტიკულ ფაზაში და არ გამოვრიცხავ, რომ 1 კვირის, 10 დღის შემდეგ დადგეს უკვე კრიტიკული. ამიტომ არის მოწოდება, რომ მოსახლეობამ გაითავისოს, რომ არ გვაქვს სახუმაროდ საქმე; არ გვაქვს ქუჩებში და დღეობებზე სასეირნოდ საქმე. ვისხდეთ სახლში, განსაკუთრებით მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ვინაიდან სოციალურ დისტანცირებაზე უკეთესი მეთოდი არ არსებობს. თუ ჩვენ გვინდა, რომ მოვერიოთ ამ ეპიდემიას და ის არ გადავიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში ქვეყანაში, აუცილებელია დავიცვათ სოციალური დისტანცია”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, სწორედ შიდაგადაცემით იყო განპირობებული მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინე ზონად გამოცხადება და არ გამორიცხავს, ეს მოხდეს სხვაგანაც.

“სამწუხაროდ, არ ვართ კანონმორჩილი ხალხი. ზოგი კარანტინის წესებს არღვევს, თვითიზოლაციას ისევდაისევ ბევრი არღვევს. ეს არის საშიშორება, რომ ამას მიეცეს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ხასიათი. ჩვენ ეს ერთი მივდივართ დინამიკური ზრდით. მომავალი 3-4 კვირა და ეს ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულებს. ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვამრთებს, რომ არ მოხდეს ე.წ. ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევებისა”, – დასძინა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ კონტექსტში აქცენტი მარტო საპატრიარქოზე და ეკლესიაზე არ უნდა გაკეთდეს, რომელიც “ყველაზე უფრო პატივსაცემი და ხალხისთვის უზენაესი ინსტიტუციაა”.

“თითოეულმა ჩვენგანმა ყველა ჩვენს სამსახურში მოვიკითხოთ, რამდენი ადამიანი მუშაობს დისტანციურად? თითოეულ ჩვენს დაწესებულებაში და ოჯახში ვიცავთ იმ წესებს, რასაც ვამბობთ? თვე გავიჭირვოთ მეგობრები. მესმის, კარგი ამინდებია და ყველას უნდა გარეთ სეირნობა. კი ბატონო, ისეირნონ, მაგრამ თითო-თითო, ორ-ორმა, დაშორებით. დღეს ერთ-ერთ ტაძართან ჩემი ახლობლები იყვნენ და გახარებული მოვიდნენ, ვერ წარმოიდგენ, როგორ იცვება წესები, დანომრილია ადგილებიო. მორწმუნე მრევლი იცავს ბევრ რამეს, რაც მოუწოდა ეკლესიამ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს რეგიონში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, საქართველოში არ დაფიქსირებულა ლეტალური, თუმცა 4 ქართველი დაიღუპა უცხოეთში. გამყრელიძის თქმით, პრეკრიტიკულიდან შევალთ მალე კრიტიკულ ფაზაში, მომავალი 4 კვირა ძალიან რთული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი