27 მარტის საღამოს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ორით გაიზარდა და 83 შეადგინა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ორი ბოლო შემთხვევიდან ერთი ქუთაისში დაფიქსირდა, მეორე კი- თბილისში.

მისი თქმით, კორონავირუსის ეს შემთხვევები არცერთ აქამდე ცნობილ კლასტერს არ უკავშირდება, თუმცა აღნიშნა, რომ არ წარმოადგენს შიდა გავრცელებას და მოგზაურობას უკავშირდება:

“ერთი მათგანი იმყოფებოდა კარანტინში, მეორე- თვითიზოლაციაში. ორივე შემთხვევა უკავშირდება მოგზაურობას”, – აღნიშნა გაბუნიამ და არ დააკონკრეტა, რა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ პირები,  რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ. გაბუნიამ აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას.

27 მარტის საღამოს მონაცემებით, კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 83
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 14
  • კარანტინის რეჟიმში – 4641
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239