ახალი ამბები

“ვირუსი დღის წესრიგს თავად ქმნის” – ენტონი ფაუჩი

27 მარტი, 2020 • 1177
“ვირუსი დღის წესრიგს თავად ქმნის” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ არასწორია Covid-19-ის პანდემიის ხანგრძლივობაზე პროგნოზების კეთება, რადგან “ვირუსი დღის წესრიგს თავად ქმნის”.

CNN-ის გადაცემაში, “პრაიმ ტაიმი”, ენტონი ფაუჩი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ტრამპს შეზღუდვების მოხსნა აღდგომის დღესასწაულისთვის სურს:

“რეალისტები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ, რომ დღის წესრიგს ჩვენ არ ვადგენთ, ამას ვირუსი აკეთებს და ჩვენ არსებულ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ. თუ დავაკვირდებით აჩქარებას [ვირუსის გავრცელების], მნიშვნელობა არ აქვს, რას ვიტყვით. ერთი, ორი ან სამი კვირა – ჩვენ იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, რა მოცემულობაც გვექნება”, – ამბობს ფაუჩი.

აშშ-ის წამყვანი იმუნოლოგის თქმით, სანამ კარგად არ გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება და მოქმედება მონაცემებზე უნდა იყოს დაფუძნებული:

“შესაძლოა, დროის მოკლე პერიოდში შემთხვევების შემცირება დავინახოთ, თუმცა თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება, სანამ კარგად არ გავიაზრებთ, რასთან გვაქვს საქმე. ამისთვის მონაცემები გვჭირდება” ,- ამბობს ფაუჩი.

27 მარტის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 85 991 დადასტურბული შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩენებელია ვირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 300-ს აღწევს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, დღეს ჩინეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 81 782-ია, იტალიაში კი – 80 589.

მასალების გადაბეჭდვის წესი