ახალი ამბები

“უხარისხო ტესტები BIOEASY-ის იყო, საქართველოში კი Capital Bio Technology-ის პროდუქციას ვიყენებთ” – სამინისტრო

27 მარტი, 2020 • 1089
“უხარისხო ტესტები BIOEASY-ის იყო, საქართველოში კი Capital Bio Technology-ის პროდუქციას ვიყენებთ” – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იმ 1 000 სწრაფი ტესტის მწარმოებელ კომპანიას ასახელებს, რომელსაც მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იყენებენ. უწყების თქმით, ტესტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობამ საქართველოს აჩუქა და საკარანტინო ზონებში გამოიყენება, Capital Bio Technology Corporation-ის მიერაა წარმოებული.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ის ტესტები, რომლებიც უხარისხო აღმოჩნდა და ხელშეკრულება გააუქმეს, ეკუთვნოდა სულ სხვა კომპანიას, რომელსაც BIOEASY ჰქვია.

დღეს, 27 მარტს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას. ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით.

“აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ტესტების სანდოობას და მხოლოდ მერე ვიყენებთ ფართო გამოკვლევისთვის. დღესდღეობით, მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტებით მოხდეს მათი მცდარი დიაგნოსტიკა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, ამჟამად საქართველო ტესტების შემოტანაზე მოლაპარაკებას აწარმოებს სხვა კომპანიასთან. რაც შეეხება 1 000 ტესტს, რომელიც საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო და ამჟამად მარნეულსა და ბოლნისში გამოიყენება, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ ეკუთვნის კომპანია Bioeasy-ს, დაფუძნებულია PCR მეთოდზე და მაღალი სანდოობა გააჩნია.

სწრაფი ტესტების სანდოობა მას შემდეგ დადგა ეჭვქვეშ, რაც არაერთმა სახელმწიფომ BIOEASY-ის სწრაფი ტესტები კომპანიას უკან დაუბრუნა. მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია მათ არასანდოობაზე. კერძოდ, ესპანური გამოცემა El País-ის ცნობით, ესპანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის ტესტები, რომელიც ესპანეთმა შეიძინა, უხარისხო აღმოჩნდა და ტეტსებს კოპანიას დაუბრუნებენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ტესტების სიზუსტე მხოლოდ 30%-ია, როცა მგრძნობელობა 80% უნდა ყოფილიყო. ასევე, კომპანიას ტესტების გაყიდვის ლიცენზია ჩინეთის სახელმწიფოს სამედიცინო პროდუქტების ეროვნული ადმინისტრაციისგან მიღებული არ ჰქონდა. გარდა ამისა, ჩეხეთის მედია წერს, რომ ჩეხეთის მიერ ჩინეთში შეძენილი სწრაფი ტესტების 80% უხარისხო აღმოჩნდა.

დღეს გამართულ ბრიგინგზე სამინისტრო არ აკონკრეტებდა, კონკრეტულად რომელი კომპანიის მიერ იყო წარმოებული ის 1000 სწრაფი ტესტი, რომელსაც საქართვეოში უკვე იყენებენ. მინისტრის მოადგილე, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანიას საჯაროდ არ ასახელებდა.

კოპანიის დასახელებას სამინისტროსგან ითხოვდა ოპოზიციაც. ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებდა, რომ ინფორმაციის გამჭვირვალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მინსიტრმა უნდა თქვას, რომელი კომპანიისაა საქართვლეოში გამოყენებული ტესტები და როგორია მათი სანდოობა:

“ჩვენ ვართ იმ ტიპის კრიზისში, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გამჭვირვალობას. ამიტომ, საზოგადოებას სჭირდება ძალიან მკაფიო ინფორმაცია, რასაც იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრი ვალდებულია მკაფიოდ თქვას, მარნეულში გაგზავნილი 1000 სწრაფი ტესტი რომელი კომპანიისაა და რა ხარისხის”, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი