ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

PACE ალიევს აკრიტიკებს პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გამო

27 მარტი, 2020 •
PACE ალიევს აკრიტიკებს პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გამო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) მომსხენებლები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო აკრიტიკებენ.

ალიევმა რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა: „ყველამ იცოდეს- შესაძლოა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. ასეთ შემთხვევაში, მეხუთე კოლონის წარმომადგენლების იზოლაცია ისტორიული აუცილებლობა გახდება“. ამ განცხადებიდან სამ დღეში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს.

PACE-ს მომხსენებელმა, როჯერ გეილმა განაცხადა: „გაოცებული და აღშფოთებული ვარ აზერბაიჯანის მთავრობის სამარცხვინო გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემია ქვეყნის პოლიტიკურ ოპოზიციაზე კიდევ ერთი თავდასხმისთვის გამოიყენოს“.

კიდევ ერთმა მომხსენებელმა, შტეფან შეკანმა განაცხადა: „პრეზიდენტ ალიევის მიერ გამოყენებული ენა, როდესაც ქვეყნის ლეგიტიმურ პოლიტიკურ ოპოზიციას „მოღალატეობრივი მეხუთე კოლონა” უწოდა, არის ძირეულად არადემოკრატიული“.

მისი თქმით, სწორედ საგანგებო სიტუაციების დროს არის უმთავრესი პოლიტიკური პლურალიზმის დაცვა და პასუხისმგებლობით მოპყრობა გამოხატვის თავისუფლებასთან, რათა ნებადართული იყოს „ღია დებატები [პანდემიასთან გამკლავების] სტრატეგიაზე და ინფორმაციის თავისუფალი დინება საზოგადოებაში“.

ალიევის აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ ლიდერის, ტოფიგ იაგუბლუს, დაკავება. მას ხულიგნობას ედავებიან, თუმცა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ ბრალდებები ყალბია.

იაგუბლუსთან დაკავშირებით PACE-ს მესამე მომხსენებელი,  სუნა ევარსდოტირი აცხადებს: „ყველაფერი, რაც აქამდე მოვისმინე, მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ბატონ იაგუბლუს წინააღმდეგ წარმოებული საქმე გაყალბებულია და ის კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური პატიმარი“.


„მუსავათის“ ლიდერი, ტოფიგ იაგუბლუ ამბობს, რომ 22 მარტს — ალიევის აღნიშნული განცხადებიდან 3 დღეში — როდესაც ის პარკირებულ მანქანაში იჯდა, უკნიდან ავტომობილი მიუახლოვდა და მიზანმიმართულად დაეჯახა, შემდეგ ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა და მასზე თავდასხმა სცადა.

როგორც იაგუბლუს შვილმა უთხრა HRW-ს, მამამისმა მანქანიდან გადმოუსვლელად მაშინვე გამოიძახა პოლიცია, რომელმაც ადგილზე მისვლის შემდეგ თავად იაგუბლუ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ იაგუბლუ მეორე მანქანაში მსხდომებს ქანჩით თავს დაესხა. 23 მარტს სასამართლომ მას 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციური გამოცემა „მეიდან ტვ-ის“ ცნობით, 22 მარტსვე დააკავეს ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ (APFP) წევრი ანარ მალიკოვი.

აზერბაიჯანში კარანტინი გამოცხადდა – 10-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება

მასალების გადაბეჭდვის წესი