ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში COVID-19-ის პანდემიისას ოპოზიციონერები დააკავეს

25 მარტი, 2020 • 1374
აზერბაიჯანში COVID-19-ის პანდემიისას ოპოზიციონერები დააკავეს

საზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და პარტია „მუსავათის“ ლიდერი, ტოფიგ იაგუბლუ, დააკავეს. მათ ხულიგნობას ედავებიან, თუმცა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ ბრალდებები ყალბია.

ორგანიზაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საზოგადოებას მიანიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლისას მიღებულ ზომებს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებდა.

19 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ალიევმა ისაუბრა კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე, მოსახლეობას მოუწოდა, წესებს დაემორჩილონ და განაცხადა:

„სამწუხაროდ, მოგვდის ინფორმაცია უპასუხისმგებლო ფაქტებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვხედავთ ღია პროვოკაციებს. ვისგან მოდის ეს პროვოკაციები? ზუსტად იმ მეხუთე კოლონისგან, ჩვენ შორის მყოფი მტრებისგან, იმ ელემენტებისგან, რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ, იმ მოღალატეებისგან, რომლებიც ფულს უცხოეთიდან იღებენ. მათი მიზანი აზერბაიჯანის განადგურებაა“.

როგორც HRW-ის წარმომადგენელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გიორგი გოგია, აცხადებს, ალიევმა ცხადად მიანიშნა მოსახლეობას, რომ ვირუსის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებდა. კერძოდ, ალიევმა განაცხადა:

„ყველამ იცოდეს: შესაძლოა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. ასეთ შემთხვევაში, მეხუთე კოლონის წარმომადგენლების იზოლაცია ისტორიული აუცილებლობა გახდება“.

„მუსავათის“ ლიდერი, ტოფიგ იაგუბლუ ამბბოს, რომ 22 მარტს — ალიევის აღნიშნული განცხადებიდან 3 დღეში — როდესაც ის პარკირებულ მანქანაში იჯდა, უკნიდან ავტომობილი მიუახლოვდა და მიზანმიმართულად დაეჯახა, შემდეგ ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა და მასზე თავდასხმა სცადა.

როგორც იაგუბლუს შვილმა უთხრა HRW-ს, მამამისმა მანქანიდან გადმოუსვლელად მაშინვე გამოიძახა პოლიცია, რომელმაც ადგილზე მისვლის შემდეგ თავად იაგუბლუ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ იაგუბლუ მეორე მანქანაში მსხდომებს ქანჩით თავს დაესხა. 23 მარტს სასამართლომ მას 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციური გამოცემა „მეიდან ტვ-ის“ ცნობით, 22 მარტსვე დააკავეს ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ (APFP) წევრი ანარ მალიკოვი.


ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 87 შემთხვევაა დადასტურებული. 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა. ერთი პაციენტი, რომელსაც  არაერთი მძიმე პრობლემა ჰქონდა, გარდაიცვალა. 76 ადამიანი მკურნალობას აგრძელებს.

24 მარტს აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. რეჟიმი, სულ მცირე, 20 აპრილამდე გაგრძელდება.

ვრცლად:

აზერბაიჯანში კარანტინი გამოცხადდა – 10-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება

მასალების გადაბეჭდვის წესი