ახალი ამბებირეკლამა

COVID-19 და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტები

27 მარტი, 2020 • 1341
COVID-19  და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტები

საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კახაბერ ჭელიძე აცხადებს, რომ სიცრუეა, თითქოს  გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტებმა გლობალურად შეწყვიტეს ან შეაჩერეს აგფ ინჰიბიტორების/არ ბლოკერების მიღება.

პროფესორის განცხადებით, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტებისთვის  რისკის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს კარდიოლოგების მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე უარის თქმა. 

პროფესორი კახაბერ ჭელიძე თავის განცხადებაში ეხმაურება  სამედიცინო ჟურნალ The Lancet Respiratory Medicine-ს ავტორს, რომელმაც პროფესიულ წრეებში სადისკუსიოდ გამოიტანა მოსაზრება  „არიან თუ არა ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ

მოსაზრების ავტორმა,  Lei Fang-მა და თანაავტორებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედ მედიკამენტებს (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები) და რომლებშიც აღნიშნული პრეპარატების მიღება განაპირობებს ზემოთ ხსენებული ცილის – ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტ 2-ის (ACE 2) დონის მატებას, შეიძლება მაღალი იყოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკი.

 მოსაზრება, ავტორის განმარტებით, ეფუძნება ახალი კორონავირუსის მიერ ადამიანის უჯრედების დაზიანების მექანიზმზე დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანის უჯრედში შეღწევისთვის იყენებს სპეციფიკურ ენზიმურ (ფერმენტულ) ცილას -ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტ 2-ს (ACE 2). 

კახაბერ ჭელიძე  Lei Fang-ის მოსაზრებას არ იზიარებს და  პროფესიულ სამედიცინო წრეებში გამოთქმულ გამოხმაურებებს ამყარებს.  მისივე თქმით, ევროპის კარდიოლოთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭო მკაცრად მიუთითებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერებით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობაზე. 

მეტი სიცხადისთვის კახაბერ ჭელიძეს  ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭოს თავმჯდომარის , პროფესორ ჯოვანი დე სიმონემის განმარტება  მოჰყავს, რომელიც აღნიშნავს, რომ Lei Fang-სა და თანაავტორების მოსაზრებას,  COVID-19-თან მიმართებაში აგფ ინჰიბიტორებით/არ ბლოკერებით მკურნალობის უსაფრთხოების შესახებ, არ გააჩნია სამეცნიერო, მტკიცებითი საფუძველი.  

პროფესიულ წრეებში ამ მოსაზრების  კონტრარგუმენტია – ცხოველური ექსპერიმენტების შედეგები COVID-19 ინფექციის დროს აღნიშნული მედიკამენტების პროტექტორული (დაცვითი) ეფექტების შესახებ. თუმცა ყველა თანხმდება  შემდგომი კვლევების აუცილებლობაზე.

მანამდე კი,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს,  კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებთან ერთად,    კიდევ ერთ მანდატორულ მითითებას აძლევენ – გააგრძელეთ კარდიოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.
_________________________________________________

შენიშვნა: პროფესორი განცხადებას ფარმაცევტული კომპანია “პსპ” ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი