ახალი ამბები

რეზერვიდან უფრო ხშირად გავყიდით დოლარს – კობა გვენეტაძე

27 მარტი, 2020 • 1346
რეზერვიდან უფრო ხშირად გავყიდით დოლარს – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მათი მხრიდან სავალუტო ინტერვენციები უფრო ხშირი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი თავისი რეზერვებიდან, რომელიც 3 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ბაზარზე გასაყიდად გამოიტანს დოლარს, რათა ლარის გაუფასურება შეაჩეროს.

ეროვნულმა ბანკმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბაზარზე 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. როგორც გვენეტაძე ამბობს, სწორედ ამ ნაბიჯმა შეარბილა ლარის გაუფასურების პროცესი.

ეროვნული ბანკი ბაზრისთვის დოლარის მიწოდებას მხოლოდ საკუთარი რეზერვებიდან არ აპირებს, გვენეტაძის განცხადებით,  საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს გამოუყოფენ თანხას, რომელიც ინტერვენციებზე დაიხარჯება.

“ჩვენ გვქონდა დაგროვილი რეზერვები, რის გამოც ხშირად გვაკრიტიკებდნენ. ხშირად ვამბობდი, რომ კრიზისი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ ყველაფერმა დღეს შეგვიქმნა საფუძველი, რომ ეს რეზერვები გამოვიყენოთ. გარდა სებ-ის რეზერვებისა, ჩვენ და ეკონომიკურმა გუნდმა მომენტალურად დავიწყეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მივიღებთ მატერიალურ დახმარებას.

რიცხვის დასახელება არ მინდა, რადგან ჯერ კიდევ მოლაპარაკებების სტადიაში ვართ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ დახმარების ნაწილი სავალუტო ბაზარზე მოხვდეს”, – განაცხადა გვენეტაძემ “იმედის” ეთერში.

ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების “გახშირებას” რომ გეგმავს, ამაზე “რუსთავი 2-ის” ეთერში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამაც ისაუბრა. ლეჟავა ასევე ამბობს, რომ გახშირებული ინტერვენციები ცენტრალური ბანკის მხრიდან არ ნიშნავს იმას, რომ ბანკმა ლარს რაიმე მიზნობრივი მაჩვენებელი დაუდგინა, მეტიც, ლარი საკუთარ წონასწორობის კურსს ისევ თავისუფალი ბაზრის პირობებში იპოვის.

კითხვაზე, რა ოდენობის თანხის დახარჯვას გეგმავს ეროვნული ბანკი ლარის რყევების შესაჩერებლად, ლეჟავა პასუხობს, რომ რაიმე წინაწარ განსაზღვრული კონკრეტული თანხა არ არსებობს. ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, 29 თებერვლის მდგომარეობით, დაახლოებით 3. 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

“ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მივაწოდოთ ბაზარს ყველა რესურსი, რათა ის გამართულად ფუნქციონირებდეს. ბატონმა კობამ განაცხადა, რომ გავახშირებთ ინტერვენციებს ჩვენს სავალუტო ბაზარზე. ეს ინტერვენციები იქნება როგორც ტრადიციული (აუქციონის ფორმით), ასევე, პირდაპირი და უფრო ხშირი, შეიძლება ითქვას, ყოველდღიური ინტერვენციებიც კი. ვფიქრობთ, ეს ბაზარს მეტი სტაბილურობის მიღწევაში დაეხმარება”, – ამბობს ლეჟავა.

ლარი ბოლო ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაუფასურდა დოლართან და ევროსთან მიმართებით, თუმცა დღეს, 27 მარტს, თითქმის 20 თეთრით გამყარდა.

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პრობლემებს უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი