ახალი ამბები

კომპანია სწრაფ ტესტებს 150 ლარად ყიდის – მინისტრის თქმით, ფასის დადგენაზე მუშაობენ

27 მარტი, 2020 • 3857
კომპანია სწრაფ ტესტებს 150 ლარად ყიდის – მინისტრის თქმით, ფასის დადგენაზე მუშაობენ

Update: ჯანდაცვის მინისტრის განმარტების შემდეგ მასალა განახლდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კომპანია „კატასტროფის ცენტრი“, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსზე სწრაფი ტესტების ჩატარებას სთავაზობს, ამას შესაბამისი ნებართვით აკეთებს.

ტესტირება 150 ლარი ღირს. მინისტრის თქმით, სახელმწიფო საბაზრო ფასის დადგენაზე მუშაობს.

რა ხდება?

26 მარტს ფეისბუკზე გვერდმა, სახელად „კატასტროფის ცენტრი“, დაწერა, რომ მოქალაქეებს, ვისაც კორონავირუსის „იდენტიფიცირება სურს, მაგრამ საყოველთაო ტესტირების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, კატასტროფის ცენტრი სთავაზობთ COVID-19 სწრაფ ტესტირებას ბინაზე გამოძახებით“.

სქრინშოთი

„კატასტროფის ცენტრი“ ასევე წერდა, რომ ტესტები „აკრედიტირებულია და გადამოწმებული ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ“.

სწრაფი ტესტის ადგილზე მისვლის ჩატარების ფასად 150 ლარია განსაზღვრული.

აქვთ მათ ამის უფლება?

27 მარტს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხეს ამ კომპანიის და ტესტირების ფასის შესახებ, რაზეც მან განაცხადა:

„სახელმწიფო ფასის დადგენაზე მუშაობს, რადგან საგანგებო რეჟიმში სულ მალე დავადგენთ ამ ტესტების მოხმარების ფასს, რაც იქნება საბაზრო ღირებულება“.

მინისტრის განცხადებით, რეგულირების სააგენტომ და კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ინფექციონისტები/ლუგარის ლაბორატორია, სანდოობა გამოუცხადა მხოლოდ 4 კომპანიას:

„ეს კომპანია [კატასტროფის ცენტრი“] არის ამ 4 კომპანიის ჩამონათვალში“, – განაცხადა მინისტრმა,


აღნიშნული კომპანიის შესახებ კითხვა დაუსვეს მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას, რომელმაც განაცხადა:

„ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამინისტროში შემოვიდა რამდენიმე განაცხადი ტესტების რეგისტრაციის თაობაზე. შესაფერისი პროცედურის გავლის შემდეგ, სამინისტრომ რამდენიმე ტესტი აღიარებითი რეჟიმის მიხედვით დაარეგისტრირა და ამ ტესტების გამოყენება დაუშვა“.

გაბუნიას თანახმად, აკრედიტაციის მექანიზმი არ არსებობს და ლაბორატორიები შესაბამისი ნებართვების საფუძველზე მუშაობენ. თუმცა კონკრეტულ დაწესებულებასთან, „კატასტროფის ცენტრთან“ დაკავშირებით მან განაცხადა:

„რა ტიპის ლაბორატორიასთან გვაქვს საქმე, ამას, რა თქმა უნდა, რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს, რადგან არ ჰქონდეს ტესტების გამოყენებას უკონტროლო და კომერციული ხასიათი“.

„რა თქმა უნდა, [სახელმწიფო] მკაცრად განსაზღვრას იმ პირობებს, რა ფასით და ჩვენებებით უნდა ხდეობდეს ტესტის გამოყენება. ყველა არასწორმა ტესტმა შეიძლება გამოწვიოს, პანიკა, დაბნეულობა, მცდარი კლინიკური დასკვნა და მიგვიყვანოს ცუდ კლინიკურ გამოსავლებამდე რაც კრიტიკულად საშიშია მსგავს სიტუაციაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი