ახალი ამბები

ნათია კაპანაძე: ეკა მიშველაძის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის გამოკვლევა ლეგიტიმურია

5 სექტემბერი, 2015 •
ნათია კაპანაძე: ეკა მიშველაძის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის გამოკვლევა ლეგიტიმურია

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პოლიტიკური ტოქ–შოუს, “პირველი სტუდიის” წამყვან ეკა მიშველაძეს, რომელიც ოპოზიციური პარტიის ერთ–ერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინდა, ინტერესთა კონფლიქტს აქვს. 

 

ეკა მიშველაძე კი აცხადებს, რომ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით მსგავსი რამ არსად წერია. “რით ისაზღვრება ჟურნალისტის პროფესიონალიზმი- იმით, ვისი ცოლია, თუ იმით, რა პროფესიული უნარ-ჩვევები აქვს მას?”– თქვა ეკა მიშველაძემ ბასა ჯანიკაშვილის განცხადების პასუხად. გარდა ამისა, მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯანიკაშვილის განცხადება მოულოდნელი იყო და მისთვის ოფიციალურად არხის ხელმძღვანელობას არაფერი უცნობებია.

 

ბასა ჯანიკაშვილის განცხადების მიუხედავად, საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, დაიხურა თუ არა ეკა მიშველაძის გადაცემა. 

 

 

 

მედიასამართლის სპეციალისტის, ნათია კაპანაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტის საკითხის გამოკვლევისათვის მნიშვნელოვანია სამი ძირითადი სამართლებრივი აქტი: “მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი” და სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი“. იგი განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტების საკითხებს გენერალური დირექტორი წყვეტს.

 


ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ნებისმიერი სახის ოჯახური ბიზნესის, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობის, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მაუწყებლის თანამშრომლისა და მაუწყებლის ნეიტრალობა და ობიექტურობა, შეიძლება ინტერესთა კონფლიქტის მიზეზი გახდეს. 

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 22.2), ინტერესთა კონფლიქტის გაცხადება  ხდება თავად თანამშრომლის მიერ – „თუ თანამშრომელს საკმარისი საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, ან შეიძლება წარმოიშვას ასეთი კონფლიქტი, იგი ვალდებულია ამის შესახებ მაუწყებლის ხელმძღვანელობას აცნობოს”. ვფიქრობ, თუ ასეთი მიმართვა თანამშრომლის მიერ არ გაკეთდება – მენეჯმენტს აქვს უფლება თავად გამოიკვლიოს საკითხი,”– ამბობს ნათია კაპანაძე. 


იურისტი საუბრობს იმაზეც, თუ როგორ რეგულირდება მითითებული აქტებით საზმაუს თანამშრომლის ოჯახური ურთიერთობებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. კერძოდ, ნათია კაპანაძის თქმით, მაუწყებლი ქცევის კოდექსში არის სპეციალური მუხლი 22.4  – “ოჯახი და ინტერესთა კონფლიქტი”, რომლის თანახმადაც, მაუწყებლის თანამშრომლის ოჯახის წევრის ლეგიტიმურმა (სამოქალაქო, პოლიტიკურმა, პროფესიულმა ან ფინანსურმა) საქმიანობამ მაუწყებლის თანამშრომლისთვის შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი წარმოშვას. კოდექსის თანახმად, თანამშრომელმა ხელმძღვანელობას უნდა აცნობოს ნებისმიერი სახის ოჯახური ბიზნესის, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს თავად ჟურნალისტისა და მაუწყებლის ნეიტრალობა და ობიექტურობა. ასევე, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან  ასაცილებლად, თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა.  


ნათია კაპანაძის თქმით, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის შეთხვევაში პასუხი სამ ძირითად კითხვაზე უნდა მოიძებნოს:


“პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის საქმიანობამ შეიძლება თუ არა ეჭვქვეშ დააყენოს ეკა მიშველაძის გადაცემების სანდოობა, მაუწყებლის ნეიტრალობა და ობიექტურობა?


ტოქ-შოუს წამყვანს ექნება თუ არა შესაძლებლობა, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არ გააშუქოს მისი ოჯახის წევრის/მისი პარტიის პოლიტიკური აქტივობები?


შესაძლებელია თუ არა სხვა პარტიის აქტივობების გაშუქებისა და ანალიზისას ჟურნალისტის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა საეჭვო გახადოს მისი ნეიტრალურობა კრიტიკული მაყურებლის თვალში?”

 

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ტოქ–შოუს წამყვანის ოჯახის წევრის საქმიანობიდან გამომდინარე, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით დაინტერესება საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.


“ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სურვილი გამოიკვლიოს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, აბსოლუტურად ლეგიტიმურად გამოიყურება მოქმედი სამართლებრივი ნორმების, ჟურნალისტის მიერ შესასრულებელი ფუნქციის  და გადაცემის შინაარსის ფონზე. ცალკე საკითხია, სხვა იდენტური შემთხვევების, ინტერესთა კონფლიქტების სხვა ნიშნების  მიმართაც ასეთივე მაღალია თუ არა ადმინისტრაციის მგრძნობელობა,”– ამბობს ნათია კაპანაძე.


ამავე დროს, ნათია კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეკა მიშველაძე სამართლიანად არის აღიარებული საინტერესო და კვალიფიციურ ჟურნალისტად და მისი ობიექტურობის მიმართ ეჭვები არ გაჩენილა. თუმცა იურისტი ასევე ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ნორმები და გამოკვლევის საკითხები ვრცელდება  ყველა ჟურნალისტზე, მისი მიღწევებისა თუ საზოგადოებრივი სანდოობის მიუხედავად.

 

ნათია კაპანაძე, მედიასამართლის სპეციალისტი
ნათია კაპანაძე, მედიასამართლის სპეციალისტი

“რაც შეეხება გათავისუფლების საფუძველს  – ვფიქრობ, ამ ნაწილში ურთიერთობების გარკვევა უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაგანაწესის, ქცევის კოდექსის, შრომის კანონმდებლობის  და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.  კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისას გადაწყვეტილებას იღებს გენერალური დირექტორი, ამასთან, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მაუწყებელმა და თანამშრომელმა ყველა სათანადო ზომა უნდა მიიღონ.”


ნათია კაპანაძის თქმით, ვითარებიდან გამომდინარე, თანამშრომელს შესაძლოა გარკვეული საკითხების გაშუქებაზე უარის თქმა ან სხვა სამსახურის შესრულება მოუწიოს. მისი განმარტებით, ეს მაუწყებელს და ჟურნალისტს ნებისმიერი ტიპის ინტერესთა კონფლიქტისას აძლევს შესაძლებლობას, რომ თანამშრომლობა შენარჩუნდეს.


“იმედს ვიტოვებ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ეკა მიშველაძე დიდხანს შეინარჩუნებს არხთან თანამშრომლობას. ნებისმიერ შემთხვევაში იქნება შენარჩუნებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში პოლიტიკური ტოქ-შოუ,”– ამბობს ნათია კაპანაძე.


რაც შეეხება ინფორმაციის გაცნობის ფორმატს, იურისტის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მხარეებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს; თუმცა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნების თაობაზე ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომ და შესასრულებლად სავალდებულო აქტებშია განთავსებული. 


“ეს ფაქტორი არ ათავისუფლებს მენეჯმენტს პასუხისმგებლობისაგან, ოფიციალურად აცნობოს დასაქმებულს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. უფრო მეტიც, სასურველია, რომ  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფიციალურად განაცხადოს საკუთარი გადაწყვეტილებების თუ გეგმების შესახებ, საკუთარი არხის თუ ვებგვერდის საშუალებით უფრო ნათელი წარმოდგენა შეუქმნას საზოგადოებას,”– ამბობს იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი