ახალი ამბები

ბესელია მთავრობას კომუნალურების და გადასახადების გადავადებას ურჩევს

26 მარტი, 2020 • 1539
ბესელია მთავრობას კომუნალურების და გადასახადების გადავადებას ურჩევს

პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის”, რომლის თავმჯდომარეც დეპუტატი ეკა ბესელიაა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს და მთავრობას გრძელვადიანი მოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ამ გეგმაში უნდა იყოს გააზრებული, რა ხედვა აქვს მთავრობას პანდემიის შესაძლო საზიანო შედეგების თავიდან ასაცილებლად და დასაძლევად, ასევე, როგორ დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან გაუჭირდათ.

“ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა ყოველდღიური შემოსავლის გარეშე, დაკარგეს სამსახურები, ბუნდოვანია მათი მომავალი და აქვთ ყოველდღიურად ოჯახის გამოკვების პრობლემა. სწორედ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის, პენსიონრებისთვის, შშმ პირთათვის საჭიროა, გამოიძებნოს ბიუჯეტში რესურსი და მათ გაეწიოთ პირველ რიგში დახმარება.

ბიუჯეტის კორექტირება იქნება საჭირო, რათა გამოთავისუფლდეს ბევრი ისეთი ხარჯისგან, რაც არ არის სავალდებულო ამ ეტაპზე (წარმომამდგენლობითი, სამივლინებო და სხვა ხარჯები) და მიემართოს იგი იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია “სამართლიანობისთვის” აზრით:

  • უნდა მოხდეს  კომუნალური გადასახადების გადავადება და მიზნობრივი დახმარება მათთვის, ვისაც ამის საშუალება არა აქვს.
  • გასააზრებელია ფიზიკური თუ იურიდიული პირების დახმარება, ვისაც აქვს სესხი დოლარში.
  • მთავრობამ უნდა გადახედოს გადასახადების გადავადების და შემცირების საკითხს.
  • მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ რთულ დროს დავეხმაროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს საქართველოში დამზადებული პირბადეებით, პირველადი სადეზინფექციო საშუალებებით თუ სწრაფი ტესტებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი