ახალი ამბები

გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები – “სამოქალაქო იდეა” კამპანიას იწყებს

26 მარტი, 2020 • 1106
გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები – “სამოქალაქო იდეა” კამპანიას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, რომლის თავმჯდომარეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, იწყებს კამპანიას “გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები”.

„ამ ძნელბედობის ჟამს, დარწმუნებული ვარ, ყველა ვფიქრობთ, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი და დავეხმაროთ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას #გადავარჩინოთსამუშაოადგილები. გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის დახმარებაში და დავეხმაროთ ადამიანებს, არ დაკარგონ სამსახური“, – აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

ხიდაშელის თქმით, წლის მანძილზე უამრავი ღონისძიება იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმებული ან გადადებულია. კამპანიის არსი კი მდგომარეობს შემდეგში – ბიზნესის შემხვედრი ნაბიჯების და თანხმობის პირობებში, ყველამ, ვისაც ასეთი ღონისძიება აქვს მომავალში დაგეგმილი, ეს იქნება არასამთავრობო სექტორი თუ სახელმწიფო უწყებები, ე.წ. სასაჩუქრე სერტიფიკატის პრინციპით, წინასწარ უნდა შეიძინოს საკონფერენციო, სასტუმროსა და რესტორნების მომსახურება, ჩვეულებრივ პირობებში 12-თვიანი გამოყენების შესაძლებლობით.

“სამოქალაქო იდეა” მზადყოფნას გამოთქვამს, მხარში დაუდგეს ბიზნესს და ყველა დანტერესებულ ორგანიზაციას მოუწოდებს, შემოუერთდნენ კამპანიას #გადავარჩინოთსამუშაოადგილები.


26 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსი დაუდგინდა 75 ადამიანს, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელების გამო, მცირე გამონაკლისის გარდა, დახურულია სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი