ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“შესაძლებელია ახალი პლატფორმების მოსინჯვა” – ციხელაშვილი აფხაზებთან დიალოგზე

25 მარტი, 2020 • 37408
“შესაძლებელია ახალი პლატფორმების მოსინჯვა” – ციხელაშვილი აფხაზებთან დიალოგზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია ახალი პლტფორმების განხილვა და მოსინჯვა დე ფაქტო აფხაზეთთან დიალოგისთვის.

არაერთხელ გამოგვითქვამს მზადყოფნა აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისა და ურთიერთობის გაფართოებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც ვაპირებთ, მათ შორის, სტატუს-ნეიტრალური სამშვიდობო ინციატივებით“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით “საკმაოდ დიდი მოქნილობა არსებობს”.

“გვაქვს წარსულის გამოცდილებაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, არსებობს მნიშვნელოვანი მექანიზმებიც, რომლებიც დღესაც შეჩერებულია და შეიძლება მათი ამოქმედება და ეფექტიანად გამოყენება, თუმცა ასევე შესაძლებელია ახალი პლატფორმების განხილვა და მოსინჯვა.

ჩვენი მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ ეს დიალოგი იყოს, რა თქმა უნდა, არსებითი და ჩვენი ჩართულობის პოლიტიკისათვის პირველი პრიორიტეტი არის ნდობის მშენებლობა, აღდგენა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ცხოვრობს”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრმა ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში COVID-19-ის გავრცელების მაღალ რისკებზე. მისი შეფასებით, ოკუპაციის პირობებში და პირდაპირი კონტროლის არქონის პირობებში რთულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები ვირუსის შესაკავებლად. 

“თუმცა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი მცდელობა სხვადასხვა არხით, მათ შორის, პარტნიორების დახმარებით მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეული ღონისძიებები ადგილზეც გატარდეს ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა, გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოსახლეობას”, – თქვა მინისტრმა ციხელაშვილმა. მისი განცხადება ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურმა მოაწოდა. 

ამავე განცხადების მიხედვით, ციხელაშვილი მოუწოდებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები, დაწყებული პირადი ჰიგიენით, დასრულებული სოციალური დისტანცირებითა თუ მაქსიმალურად სოციალური ურთიერთობებისგან თავის არიდებით.


მინისტრ ციხელაშვილის განცხადებას წინ უძღოდა 23 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ასლან ბჟანიას ინტერვიუ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტისთან”.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ საქართველომ გვაღიაროს”, – უთხრა ასლან ბჟანიამ “რია ნოვოსტის”. მისივე თქმით, “ორმხრივი დიალოგი საქართველოს და აფხაზეთის სახელმწიფოებს შორის, როგორც ჩანს, შეუძლებელია ქართული მხარის გამო, რადგანაც საქართველო არ აღიარებს აფხაზეთს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი