ახალი ამბები

“მაგნიტი” კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 50 ათასს რიცხავს

25 მარტი, 2020 • 2234
“მაგნიტი” კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 50 ათასს რიცხავს

სუპერმარკეტების ქსელი “მაგნიტი” აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი სამთავრობო ფონდისთვის 50 ათას ლარს გამოყოფს.

“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, „მაგნიტმა“ აღნიშნული თანხა ვირუსთან ბრძოლისთვის გამოყო.  დღეს ჩვენი მოქმედება მიმართულია, ხელი შევუწყოთ იმ უწყებებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ამ გამოწვევის წინაშე. ვთვლით, რომ გაერთიანებული და კოორდინირებული ძალებით ყველა სირთულეს გავუმკლავდებით”, – ნათქვამია “მაგნიტის” გენერალური დირექტორის მოადგილის, ია ნადირაშვილის განცხადებაში, რომელიც კომპანიამ “ნეტგაზეთს” მიაწოდა.

სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით 211 ფილიალსა და 4 ათასზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. 

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდისთვის 5 მილიონი გამოყო “თიბისი ბანკმა”, 3 მილიონი – “მაგთიმ”, 1 მილიონი – “სილქნეტმა”. აღნიშნულ ფონდში ფული კიდევ არაერთმა კომპანიამ გადარიცხა.

25 მარტის 17 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 73 ადამიანს, საიდანაც 10 გამოჯანმრთელდა, 4 ათასზე მეტი კარანტინშია მოთავსებული, 250-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვა, მათ შორის, შეჩერებულია საქალაქთაშორისო მოძრაობა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი