საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანიები და “ისრაელის სახლი” საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ StopCov-ის ფონდში 18 000 ლარს შეიტანენ და ქართველ ჟურნალისტებს ისრაელში შეძენილ მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეებს გადასცემენ, – აცხადებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე.
“ებრაულად 18 არის სიცოცხლის სიმბოლო და გვჯერა, ეს შემოწირულობაც სიცოცხლის გადასარჩენად შეტანილი მოკრძალებული წვლილი იქნება”, – ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი “ემ სი აი პროჯექტი” და „ისრაელის სახლი“ ამ კრიზისის პერიოდში უკლებლივ ყველა, 30-მდე თანამშრომელს, რომელიც გადასულია მუშაობის ონლაინრეჟიმზე, ხელფასებს შეუნარჩუნებს და შემცირება არ იგეგმება. ასევე, ყველა თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფენ ისრაელური კომპანიები.