ახალი ამბები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით უფასო გახდა

24 მარტი, 2020 • 1877
ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით უფასო გახდა

საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტლების მიზანია არა მგზავრობის წახალისება, არამედ ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილება და, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების საფრთხის შემცირება.

“ჩვენ კონკრეტული ცვლილებების განხორციელებას სამარშრუტო გადაადგილებების გაზრდის კუთხით არ ვგეგმავთ. პირიქით, გამომდინარე სიტუაციიდან, ვერ შევძელით ჩვენი მძღოლების უსაფრთხოების დაცვა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მუნიციპალურ ტრანსპორტში ხდება ნაღდი ფულით გადახდა, არ გვაქვს უკონტაქტო გადახდები, რაც ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.

ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, მძღოლის კაბინის იზოლირება მოხდეს დანარჩენი სალონიდან და გადაადგილება გახდეს უფასო საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სანამ არ იქნება რამე კონკრეტული ცვლილება ამ კუთხით“, – განაცხადა მერმა.

24 მარტის 19 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 70 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 9 გამოჯანმრთელდა, 4 ათასზე მეტი კარანტინში რჩება, 250-ზე მეტი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი