ახალი ამბები

როგორც სავაჭრო ცენტრებში, ისე ეკლესიაშიც უნდა იყოს დაცული დისტანცია – გომელაური

24 მარტი, 2020 • 840
როგორც სავაჭრო ცენტრებში, ისე ეკლესიაშიც უნდა იყოს დაცული დისტანცია – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ეკლესიებში, სხვა დახურული დაწესებულებების მსგავსად, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ადამიანებს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია. ჟურნალისტის კითხვაზე, დარღვევის შემთხვევაში იმოქმედებს თუ არა პოლიცია დეკრეტით გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად, გომელაური პასუხობს, “რა თქმა უნდა.”

“გეთანხმებით, გამონაკლის შემთხვევებში ეკლესიები არ შედის, თუმცა, მოდი, ასე ვთქვათ, რა კანონიც მოქმედებს სხვა დაწესებულებებში, დახურულ დაწესებულებებში. ავიღოთ თუნდაც სავაჭრო ცენტრები, მაგალითად, “კარფური”, “გუდვილი” – ადამიანებმა უნდა დაიცვან დისტანცია ერთმანეთს შორის.

გარეთაც, თუნდაც 100 კაცი მოძრაობდეს ქუჩაში, დისტანცია უნდა იყოს დაცული, არ უნდა იდგნენ და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეკლესიაშიც არის… თუნდაც ავიღოთ სამება, უდიდესი ეკლესიაა. [დარღვევის შემთხვევაში] რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ ყველგან”, – ამბობს გომელაური.

მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით (21 აპრილამდე) იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

“იკრძალება საჯარო სივრცეში  ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ ის არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები)”, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

ამავე დადგენილებით, შეზღუდვა არ ეხება:

  • სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;
  • სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

ბუნდოვანი რჩება, ეხება თუ არა დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები საეკლესიო რიტუალებს. შესაბამისი კითხვის პასუხად პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “10 ადამიანამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს”, თუმცა საქართველოს ეკლესიებში გრძელდება ღვთისმსახურება, რომელსაც, ხშირად, 10 ადამიანზე მეტი ესწრება. სასულიერი პირების ნაწილი მათ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ეხება თუ არა 10 პირზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი