24 მარტის 18:00 საათის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 87 შემთხვევაა დადასტურებული. 23 მარტისთვის ეს რიცხვი 72 იყო, დღეს კი კიდევ 15 შემთხვევა გამოვლინდა.
87-დან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა. ერთი პაციენტი, რომელსაც არაერთი მძიმე პრობლემა ჰქონდა, გარდაიცვალა. 76 ადამიანი მკურნალობას აგრძელებს.
„30-მდე ადამიანი საზღვარგარეთ დაინფიცირდა, დანარჩენები – ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
„კორონავირუსი ქვეყნის შიგნით ვრცელდება, რაც სერიოზულ ზომებს მოითხოვს“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ 24 მარტს, როდესაც აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. რეჟიმი, სულ მცირე, 20 აპრილამდე გაგრძელდება. კარანტინის დროს:
- საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება;
- 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლების დატოვება ეკრძალებათ;
- ბაქო, სუმგაიტი და აფშერონის ნახევარკუნძულის სხვა რაიონები ჩაიკეტა და შესვლა-გამოსვლა მხოლოდ სასწრაფო დახმარების, სამაშველო და სატვირთო ავტომობილებისთვის არის ნებადართული;
- საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აიკრძალა;
- ბაქოში ავბოტუსების დამატებითი ხაზები გამოიყო დილის 6-დან საღამოს 10 საათამდე მეტროსადგურებს შორის; მოქალაქეებს მეტროთი გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ;
- რეკომენდირებულია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოქალაქეებს შორის;
- სავაჭრო ცენტრები დაიხურა — ფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, სუპერმარკეტები და სასურსათო მაღაზიები;
ამასთან, გადაიდო აზერბაიჯანის გრან-პრი, რომლის გახსნაც ბაქოში 7 ივნისს იყო დაგეგმილი.
აზერბაიჯანში კარანტინი გამოცხადდა – 10-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება