ახალი ამბები

კორონავირუსთან ბრძოლის კვალი ქართველი ექიმის სახეზე – ფოტო

24 მარტი, 2020 • 3490
კორონავირუსთან ბრძოლის კვალი ქართველი ექიმის სახეზე – ფოტო

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე ავრცელებს ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის ფოტოს. ფოტოზე აღბეჭდილია ექიმის სახე, რომელსაც სპეციალური ეკიპირების რამდენიმესაათიანი ტარების კვალი ამჩნევია.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, სწორედ ეკა ნაფეტვარიძემ უმკურნალა კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს.

ეკა ნაფეტვარიძე და სხვა ქართველი ექიმები უკვე თითთქმის ერთი თვეა, საავადმყოფოებში 24-საათიან რეჟიმში მკურნალობენ კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს. ინფიცირებულების მკურნალ სამედიცინო პერსონალს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა უწევს, რაც გულისხმობს სხეულის თითოეული ნაწილის, მათ შორის, სახის სრულ დაფარვას, რათა თავად იყვნენ დაცულები ინფიცირებისგან.

მსოფლიო 2019 წლის დეკემბრის მიწურულიდან ებრძვის კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომელთა რაოდენობაც 400 ათასს აღწევს, გარდაიცვალა 17 ათასზე მეტი პაციენტი, გამოჯანმრთელდა თითქმის 100 ათასი.

ექიმები ჩინეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ პაციენტების გადასარჩენად, რამაც მათ სხეულზე შესამჩნევი გარეგნული კვალიც დატოვა.

ნახეთ იტალიელი ექიმების ფოტოები:


24 მარტის 16:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 67 ადამიანს, საიდანაც 9 გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 ათასზე მეტი ადამიანია მოთავსებული, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 250-ზე მეტი.

მთავარ ფოტოზე: ექიმი ეკა ნაფეტვარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი