ახალი ამბები

25 მარტს ეროვნული ბანკი $40 მილიონს გაყიდის

24 მარტი, 2020 • 1384
25 მარტს ეროვნული ბანკი $40 მილიონს გაყიდის

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ, 25 მარტს, სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდიან. სებ-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა სავალუტო ბაზარზეც აისახა, რასაც გაცვლითი კურსი მოწმობს.

ამის მიუხედავად, საქართველოს ცენტრალურ ბანკში მიიჩნევენ, რომ საფინანსო სისტემა მყარია და “შოკის” გადავლის შემდეგ “საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს”.

“მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია, საერთო ჯამში, 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება.

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს”, – წერია სებ-ის განცხადებაში.

სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა 19 მარტს განახორციელა, როცა სავალუტო ბაზარზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ვალუტა ლარი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოვლენების ფონზე ბოლო ორი კვირაა, მკვეთრად უფასურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი