ახალი ამბები

საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

31 აგვისტო, 2015 • 1620
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების”  მაჟორიტარობის კანდიდატი საგარეჯოში თამარ ხიდაშელი იქნება, ხოლო მარტვილში – სოსო დანელია.

 

20 აგვისტოს 11-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან განაცხადა, რომ ისინი საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. 21 აგვისტოს ბოიკოტს შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ბიოკოტს არ შეუერთდა “პარტიოტთა ალიანსი”. პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებს.

 

 

ცესკოს ცნობით, 31 ოქტომბერს ასევე დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები  დმანისის,  ვანის,  ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.   

 

 

“ცესკომ, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მიიღო დადგენილება, რომელიც  კონკურენტული და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს: დადგენილების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, კანონით განსაზღვრული წესის დაცვის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში,”– ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

ცესკოს ცნობით, საგარეჯოში არჩევნები 49 უბანზე ჩატარდება, სადაც 46 011 ამომრჩეველი ფიქსირდება, ხოლო მარტვილში – 39 უბანზე, სადაც 33 465 ამომრჩეველია. რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, დმანისის 4 საარჩევნო უბანზე 1623 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ზედა ვანის ერთ უბანზე – 808, ხობის საარჩევნო უბანზე – 822, ხოლო საგარეჯოში – 1533.  

 

 

ცესკო აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისა და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

 

 

შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა, საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა.

 

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, ცესკოს ცნობით, დანიშვნა ოთხივე ადგილობრივ საარჩევნო ოლქში გამოიწვია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამ; ამათგან ერთ ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კონკრეტულად კი დიდ დმანისში, არჩევნების დანიშვნა საჭირო გახდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი