ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელეგაკვეთილები 30 მარტიდან გავა

24 მარტი, 2020 • 1250
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელეგაკვეთილები 30 მარტიდან გავა

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, არის შანსი, რომ სასწავლო პროცესი 21 აპრილის შემდეგ ვერ გაგრძელდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება დისტანციური სწავლების გაძლიერებისკენაა მიმართული:

“მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა, ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს.

ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშრებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშრებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინ გადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ”, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტ პროვაიდერებს, რომ გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან:

“ამასთან ერთად, მინდა მოვუწოდო თოთოეულ ინტერნეტ პროვაიდერს, რომ გაითვალისწინონ როგორც სტუდენტების, ასევე, ჩვენი მოსწავლეების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან. სწორედ ამიტომ იყო ტელევიზია გამოყენებული, იმისთვის, რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს. დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება შეიძლება ძალზედ აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა, ბატონო მიხეილ, და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


შესწორება: მთავრობის ადმინისტრაციიდან “ნეტგაზეთს” თავდაპირველად აცნობეს, რომ სატელევიზიო გაკვეთილები 30 აპრილიდან გავიდოდა საზოგადოებრივი მაწუყებლის ეთერში, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ტელეგაკვეტილების ჩვენება 30 მარტს დაიწყებოდა, შესაბამსიად შეიცვალა სტატიის სათაური და გასწორდა მასალა.

დისტანციური სწავლების რეკომენდაცია და მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე

დისტანციური სწავლების რეკომენდაცია და მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი