ახალი ამბები

უკრაინაში COVID-19-ზე „ფეიკებს“ რუსეთის დავალებით ავრცელებდნენ — სბუ

23 მარტი, 2020 • 1341
უკრაინაში COVID-19-ზე „ფეიკებს“ რუსეთის დავალებით ავრცელებდნენ — სბუ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთი კვირის განმავლობაში გამოავლინა 38 ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მიღებული დავალებით ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ ახალ კორონავირისულ დაავადებაზე — COVID-19-ზე. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე (სბუ) დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაკავებულებიდან რამდენიმემ დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის „სერიოზული“ მუხლები .

მათ მაგალითად მოჰყავთ 23 მარტს ქალაქ დნიპროში დაკავებული პირი, რომელიც COVID-19-ზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა და უკრაინაში კონსტიტუციური წყობის დარღვევას უწევდა აგიტაციას, ხოლო დავალებას რუსეთის ფედერაციაში მყოფი „კურატორისგან“ იღებდა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, პანიკის დათესვისთვის დაკავებული იღებდა მაღაზიების ცარიელი დახლების, აფთიაქებში არსებულ რიგების ამსახველ ფოტომასალას და  აფიქსირებდა სპეცტექნიკისა და სამართალდამცავების მუშაობას.

მის მიერ გავრცელებული ყალბი, სბუ-ს თქმით, ამბებიდან ერთ-ერთი იყო, რომ დნიპროს მუნიციპალურ ტრანსპორტში მოხდა ჩხუბი, რადგანაც ერთ-ერთ მგზავრს ახველებდა და კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა.


უკრაინაში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 73 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1. ქვეყანაში მიღებულია სხვადასხვა ზომები, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება კარანტინის/თვითიზოლაციის დატოვება.

კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: 367,457 მსოფლიოში, 61 საქართველოში
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: 100,879 მსოფლიოში, 8 საქართველოში
  • გარდაცვალების შემთხვევა: 16,113 მსოფლიოში, 0 საქართველოში

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი