ახალი ამბები

ვაშაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაიტარა

23 მარტი, 2020 • 1170
ვაშაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაიტარა

“ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ვაშაძის თქმით, სწრაფი ტესტირების პრაქტიკულ მაგალითზე სურს აჩვენოს, რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტირების მექანიზმების აუცილებლობა. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სწრაფი ტესტების შემოტანას აგვიანებს და შესაბამისი ნების შემთხვევაში შესაძლებელია მსგავსი ტესტების საქართველოში 48 საათში შემოტანა.

“გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ სწრაფი ტესტი პანაცეა არ არის. ყველა სპეციალისტი ხმამაღლა საუბრობს, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის სწრაფი დიაგნოსტირება. თუ სწრაფი დიაგნოსტირების საშუალება არ გვექნა ქვეყანაში, ეპიდემიას ვერ შევაჩერებთ. დღეს მარნეულში პირველი, რაც უნდა ხდებოდეს, არის ლაბორატორიული შემოწმება. სამწუხაროდ, მარტო ჩვენთან არა, აშშ-მაც დააგვიანა დიაგნოსტიკის კუთხით, მაგრამ ვინ მოახდინა? – სამხრეთ კორეამ, რომელსაც არც საგანგებო მდგომარეობა გამოუცხადებია. ყველას, ვისაც შეგვიძლია, ვთხოვოთ მთავრობას, რომ ჩამოვიტანოთ ეს სწრაფი ტესტები, რომ ყველას შემოწმება მოვახდინოთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე სწრაფი ტესტების ჩამოტანა ფერხდება, ვინაიდან საზღვრები დაკეტილია და სპეცრეისების დანიშვნაა საჭირო.

ვაშაძის თქმით, ესმის არგუმენტი, რომ სწრაფი ტესტი 100%-იანი არ არის, მაგრამ 100%-იანი არაფერია და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული კვლევა.

გიორგი ვაშაძე რამდენიმე დღეა, საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი ტესტების დროულად ჩამოტანისკენ მოუწოდებს და ამ მიზნით დახმარებას სთავაზობს. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ყველა კერძო ლაბორატორია უნდა ჩაერთოს პროგამაში და ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით ყველანაირი რეგულაცია მოიხსნას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტირების კომერციალიზაციას მხარს არ დაუჭერდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტი პანაცეა არ არის და ეს საკითხი პოლიტიკური ინსტრუმენტია ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ხელში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ამ სწრაფ ტესტს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს


23 მარტის 13 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი