ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველო კორონავირუსზე სწრაფ ტესტებს უკვე ხვალიდან ელოდება, ხოლო მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირების დაწყება მთავრობას ოთხშაბათიდან შეეძლება.
„როგორც ჩვენ დავაანონსეთ, ხვალ ველოდებით უკვე საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვეძლება მოსხლეობის მიზნობრივი ტესტირება, რაც გაუადვილებს ჩვენს ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს, დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა.
ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად – პირველად ტესტებს ველოდებით ხვალ, შემდგომ 27-ში, ბოლო შემოტანას კი ველოდებით 5 აპრილისთვის, რაოდენობა არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს დიდი ჯგუფების გატესტვა“, – ამბობს ტიკარაძე.
მინისტრმა დღეს არ დააკონკრეტა, თუ რა იგულისხმება საკმარის რაოდენობაში, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ უწყება კორონავირუსის 20 ათას ტესტს ყიდულობს.
მინისტრის თქმით, 1000 სწრაფი ტესტიც, რომელსაც ჩინეთიდან ელოდებიან, იმ პრინციპით მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორიის ტესტები და ერთადერთი განსხვავება პასუხის მიღების სისწრაფეა, რომელიც ამ ტესტის შემთხვევაში 1 საათითაა განსაზღვრული.
კორეული ანალოგი კი, რომელსაც მთავრობა მომავალი კვირიდან ელოდება (200 000 ცალს), ანტისხეულების ნაცვლად ანტიგენებზეა დამყარებული და დაავადების არსებობას ინფიცირებიდან 1-2 დღეშივე ავლენს.
ტესტებზე ვრცლად ნახეთ:
რას გულისხმობს კორონავირუსის აგრესიული ტესტირება – ტიკარაძის განმარტება
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, დაავადებისგან განიკურნა 5 ადამიანი. კარანტინის რეჟმში 3320 ადამიანი იმყოფება. 235 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა.