ეჩმიაძინისა და სამკერვალოს კლასტერები – როგორ უმკლავდება სომხეთი კორონავირუსს?

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


პანდემია საწყის ეტაპზე

2020 წლის იანვარში, როდესაც მსოფლიო პრესაში ჩნდებოდა ინფორმაცია ჩინეთში ახალი ვირუსის აფეთქების შესახებ, მოქალაქეებმა მალევე გათვალეს შესაძლო კრიზისი და დამცავი ნიღბების შესყიდვა დაიწყეს, რათა შემდეგ უფრო ძვირად გაეყიდათ. უკვე 11 თებერვალს სომხეთში ჩინეთის მხარდაჭერის კამპანია დაიწყო. გიუმრის მუნიციპალიტეტმა და ადგილობრივმა ბიზნესებმა ჩინეთში 10 ათასი ნიღაბი და სხვა დამცავი საშუალებები – ხალათები, ბახილები და ხელთათმანები გაგზავნეს. სომხეთში ჯერ კიდევ არ არსებობდა ნიღბებით სიარულის რეკომენდაცია. მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში აღმოჩნდა, რომ სომხეთის აფთიაქებში ნიღბები აღარ იყო.

სომხეთმა ჯერ კიდევ 31 იანვარს შეაჩერა ჩინეთთან უვიზო რეჟიმი და მაქსიმალურად შეზღუდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ავიამიმოსვლა.

თუმცა ამ პირობებშიც კი ყველაფერი მაინც ძალიან შორეულად მოჩანდა. სომხეთი საკუთარი პოლიტიკური ცხოვრებით იყო დაკავებული: ახალი და ძველი ხელისუფლებების, ოპოზიციისა და ხელისუფლების ბრძოლა გრძელდებოდა, განიხილებოდა მარტის დასაწყისში ჩასატარებელი რეფერენდუმი, მოსალოდნელი არჩევნები მთიან ყარაბაღში და სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის დეტალები მიუნხენში.

კორონავირუსთან დაკავშირებით განწყობა უკვე მას შემდეგ შეიცვალა, რაც თებერვლის მეორე ნახევარში ირანში COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი. ვინაიდან ირანში დიდი სომხური სათვისტომო არსებობს და ირანზე გადის სომხეთის სახმელეთო საგარეო ვაჭრობის 30%, ამან საფრთხე სომხეთსაც მკვეთრად დაანახა. როდესაც ინფიცირებულები ირანიდან ბეირუთში და სხვა ქვეყნებში წასულ მოქალაქეებს შორისაც აღმოჩნდნენ, გასაგები გახდა, რომ ირანის ოფიციალური სტატისტიკა მკვეთრად ჩამორჩება რეალობას. 24 თებერვალს, როდესაც ირანში მხოლოდ 64 შემთხვევა იყო ოფიციალურად დადასტურებული, სომხეთმა ირანთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა [მხოლოდ ირანის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სომხეთში ჩამოდიოდნენ]. შესაბამისად, დროებით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პრობლემა მოგვარდა.

COVID-19-ის პირველი შემთხვევები სომხეთში და ხელისუფლების რეაქცია

26 თებერვალს, როდესაც საქართველოში პირველი შემთხვევა დადასტურდა, გასაგები გახდა, რომ სომხეთში კორონავირუსის გავრცელება მხოლოდ დროის საკითხი იყო. უკვე პირველ მარტს დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა – დაინფიცირებული ორი დღით ადრე ირანიდან ჩამოსული პირი იყო, რომელმაც იმ დროისთვის სომხეთში ათეულობით ადამიანთან კომუნიკაცია მოასწრო. ის დაუყოვნებლივ გაგზავნეს კარანტინში წახნაძორში, სასტუმრო Golden Palace-ში. წახნაძორი დაცარიელდა, ერევანში კი პანიკის პირველი ნიშნები დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მასთან მისულ ჟურნალისტებს გაეხუმრა კიდეც, რომ ვირუსი თავადაც ჰქონდა და მათაც გადასდებდა.

პირველ მარტს სომხეთში 2008 წლის მოვლენების ხსოვნის დღე უნდა აღენიშნათ [ქოჩარიანის პრეზიდენტობის დროს აქციის დარბევა]. დღეს 2008 წლის მოვლენები ახალი ხელისუფლების ინსტრუმენტს წამოადგენს და დიდ როლს თამაშობს მისი ლეგიტიმურობის კუთხით. მიტინგი ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო გაუქმდა. ასევე, გამოაცხადეს სკოლებისა და ბაღების ერთი კვირით დახურვის შესახებ. მაშინ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, რომ ხელისუფლება მეტისმეტად სერიოზულად მიუდგა ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეს, თუმცა არსი სხვა რამეში მდგომარეობდა. ფეისბუკზე გამოქვეყნებული აქციის ღონისძიებას ბევრი მსურველი არ გამოხმაურებია, არადა, სწორედ ამიტომ გაუქმდა ის. ფაშინიანი კი შვებულებაში გავიდა და სომხეთის ქალაქებსა და სოფლებში აგიტაციისთვის ჩავიდა.

მომდევნო ათი დღის განმავლობაში ფაშინიანი ყოველდღოურად ატარებდა მასობრივ აქციებს მთელ ქვეყანაში და აცხადებდა, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით მის გამონათქვამებს შორის იყო:  – “ვინაა კორონავირუსი, ჩვენ რომ ხელი შეგვიშალოს”, – “პინცენტით ამოვძირკვავთ კორონავირუსს”, “არყით და კარგი ჯანმრთელობით გადავიტანთ” და ა.შ. ასევე, ხელისუფლება ციტირებდა  Global Health Security Index-ის კვლევას, სადაც 2016 წლის მონაცემებით, სომხეთი მსოფლიოში 26-ე ადგილზეა ეპიდემიების გავრცელების შეკავებით.

ასეთივე დამოკიდებულება არსებობდა სხვა ქვეყნებშიც, სადაც შედეგები ამჟამად ბევრად მძიმეა, ვიდრე სომხეთში. თუმცა, უდარდელობის მიუხედავად, საფრთხის წყაროების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება გაჩნდა.

თუ ირანთან საზღვარი საკმაოდ სწრაფად ჩაკეტა სომხეთმა და ამით იქიდან ეპიდემიის გავრცელებას ხელი შეუშალა, იტალიასთან კიდევ დიდხანს, 15 მარტამდე გაგრძელდა ავიამიმოსვლა. მხოლოდ 10 მარტს მიმართა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს და იტალიაში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. იმ დროისთვის იტალიაში 25 ათასი დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არსებობდა. სომხეთში არ იყო აუცილებელი კარანტინი ამ ქვეყნიდან ჩამოსულებისთვის, საზღვარზე სიცხის გაზომვაც სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. 10 მარტსავე მოუწოდეს მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, 14 დღით თვითიზოლაციაში წასულიყვნენ.

11 მარტს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში სამი ახალი შემთხვევაა [ამ დროს საქართველოში უკვე 23 დარეგისტრირებული შემთხვევა იყო, აზერბაიჯანში – 15]. თუმცა ამ სამიდან ორი შემთხვევა გავრცელების თვალსაზრისით რთული აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი იტალიის მოქალაქე, სამკერვალო საწარმოს ინჟინერი იყო. მეორე კი, სომხეთის მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ეჩმიაძიანში ჩავიდა, სადაც დაკრძალვის ცერემონიალს და შვილის ნიშნობას დაესწრო. ორივე შემთხვევაში, დაინფიცირების შანსი პოტენციურად გაუჩნდა ათეულობით და შემდეგ უკვე ასეულობით მოქალაქეს.

სომხეთში ხუმრობაც გაჩნდა, რომ “სომხები სტუმართმოყვარე ერია და კარგად მიიღეს კორონავირუსი, წაიყვანეს წახნაძორში და ეჩმიაძინში, მოათავსეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მიიწვიეს ნიშნობაზე, ასე რომ, აქ იმდენად მოსწონს ყოფნა, კიდევ დიდხანს დარჩება”.

თვდაპირველად ფაშინიანმა ეჩმიაძინში ჩასული მოქალაქე დაადანაშაულა კორონავირუსის გავრცელებაში, თუმცა როდესაც ეჩმიაძინში პანიკა დაიწყო, ხელისუფლება ქმედებებზე გადავიდა.

ეპიდემიის განვითარების ისტორია სომხეთში

12 მარტს ხელისუფლებამ გააუქმა სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე, მოქალაქეებს სთხოვა, გარეთ არ გამოსულიყვნენ. ამავე დროს, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ყველა იმ ადამიანის შემოწმება, ვინც ეჩმიაძინში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ასევე, დაინფიცირებული ოჯახის წევრები და ერევანში სამკერვალოს თანამშრომლები. ხელისუფლება შეეცადა მაქსიმალურად ოპერატიულად განეცალკევებინა მოქალაქეები, რომლის რაოდენობაც 16 მარტისთვის უკვე 52 იყო. აქვე მოვიყვან გავრცელების სტატისტიკას.

გრაფიკა: სომხეთში და მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირებულთა დინამიკა [21 მარტი]

როგორც ვხედავთ, სომხეთში ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალია და აღემატება მეზობელი ქვეყნების მონაცემებს. ირანის შესახებ მოყვანილი ციფრები გრაფაში ასჯერაა შემცირებული მასშტაბის შესანარჩუნებლად.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სომხეთში რიცხვების სწრაფი ზრდა, პირველ რიგში, ინფექციის პოტენციური წყაროების შერჩევითი მიდგომით იყო განპირობებული. თუკი ირანი და ჩინეთი ოპერატიულად ჩაიკეტა [თუმცა თავად ჩინეთის კარანტინის გათვალისწინებით, უკვე აღარ იყო ამის საჭიროება], რიგი ევროპული ქვეყნები, პირველ რიგში კი, იტალია და ესპანეთი, ავიამიმოსვლის თვალსაზრისით კიდევ დიდხანს იყო ღია, რამაც ქვეყანაში დაინფიცირებულთა შემოსვლა გამოიწვია.

იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთის ოთხიდან ორი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი დაკეტილია ყარაბაღის კონფლიქტთან და სომხურ-თურქულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი არ არის ტრანზიტული ქვეყანა ან მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება [როგორც საქართველო], ლოგიკური იქნებოდა ვირუსის გავრცელების შედარებით ნელი ტემპის შენარჩუნება, თუმცა, როგორც ვხედავთ, ყველაფერი სხვანაირად განვითარდა.

ადმინისტრაციული ზომები ეპიდემიის შესაკავებლად და არამხოლოდ ეპიდემიის

15 მარტს ეჩმიაძინი დროებით საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ქალაქის 27-დან 24 გასასვლელი დაიხურა. დარჩენილ სამ პუნქტზე კი დაიწყო ყველა გამსვლელის შემოწმება. ნავარაუდევი იყო, რომ ეჩმიაძინი ვირუსის გავრცელების კერა გახდებოდა, რადგანაც ქალაქში მეორადი და მესამეული გადადების შემთხვევები უკვე ფიქსირდებოდა. ამავე დროს, ქორწილებზე და მსგავს ღონისძიებებზე მოსახლეობამ უარი არ თქვა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ კერა ლოკალიზებული იყო და ქალაქი ნახევრად კარანტინიდან მოიხსნა.

მოქალაქეების მხრიდან დაიწყო მოთხოვნები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. 16 მარტს სომხეთში ერთი თვით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოცხადებამ მოქალაქეებს საშუალება მისცა, დროებით თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ, თუმცა თავად ამ ზომების შინაარსი ძალიან მნიშნელოვანია.

17 მარტიდან აიკრძალა თავისუფალი გადაადგილება ქვეყნის შიგნით [დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გარდა]; აიკრძალა 20 კაცზე მეტის შეკრება [გამონაკლიასია დაკრძალვა]; შეწყდა სწავლება ყველა დონეზე; აიკრძალა მასობრივი შეკრებები, პაემნები ციხეებსა და არმიაში. მოგვიანებით სიას დაემატა დისკოტეკები, ბარები, ღამის კლუბები, სავაჭრო ცენტრები [სასურსათოს გარდა], კინოთეატრები, კაზინოები და ბუკმეკერული კომპანიები.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საგანგებო მდგომარეობა შეეხო მედიაში და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელებას. დადგენილების თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ბმულით, ან წყარო მაქსიმალურად უნდა ასახავდეს ოფიციალურ ინფორმაციას. აკრძალვა ეხება “პანიკის გამომწვევ ინფორმაციას”.

20 მარტს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმა დაწესდა იზოლაციის რეჟიმის დარღვევაზე. ასევე, 50-300 მინიმალური ხელფასის ოდენობით [7-42 ათასი დოლარი] ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის დარღვევაზე. კარანტინის დარღვევა 3 თვიდან 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების შეზღუდვამ “რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” კრიტიკა გამოიწვია, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ იმავე ორგანიზაციამ იქამდე გააკრიტიკა სომხეთის ხელისუფლება პრესის თავისუფლებაზე სისტემური ზეწოლის გამო. ბოლო დროს სომხეთში ჟურნალისტებს თავს ესხმიან, მათზე ხშირად იწყება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეები, ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორის წინააღმდეგ გამოძიებებია დაწყებული, ასევე იღებენ მედიის თავისუფლების შემზღუდავ კანონებს. ეს აკრძალვაც უნდა განვიხილოთ სწორედ ამ კონტექსტში. თუ ეპიდემია არ იქნება დამარცხებული და რეჟიმი საგანგებოს გააგრძელებს, ბუნებრივია, სიტყვის თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია გარდაუვალია.

თუმცა შეზღუდვები არ შეეხება მხოლოდ შეკრების, გადაადგილებისა და პრესის თავისუფლებას, არამედ ბიზნესსაც. ბევრმა მეწარმემ უკვე დაიწყო თანამშრომლების დათხოვნა სამსახურში გამოუცხადებლობის გამო,  ან უმცირებენ ხელფასს. ხელისუფლებამ მოითხოვა, ეს პრაქტიკა შეეწყვიტათ და ასეთი ბიზნესმენების დასჯა დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, თანამშრომლების უფლებების დასაცავად კეთდება, თუმცა ბიზნესიც უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რიგ ქვეყნებში საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფომ სახელფასო ფონდის დაფარვა, მაგრამ სომხეთს არ აქვს მსგავსი შესაძლებლობა. ამავე დროს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბიზნესს 300 მილიონი დოლარით დაეხმარება, რამაც ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნებას ხელი უნდა შეუწყოს.

ერევანი; ფოტო: hetq.am

დღევანდელი მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების პერსპექტივები სომხეთში

რასაკვირველია, სომხეთი მარტო ვერ შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიოს ვირუსს და თუ უახლოეს დროშიც კი სიტუაცია კონტროლს ვერ დაექვემდებარება, შეუძლებელია გამორიცხო ვირუსის განმეორებითი “იმპორტი”  მსოფლიოს უფრო მეტად ინფიცირებული რეგიონებიდან, მათ შორის, დასავლეთ ევროპიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ ეპიდემია არ იქნება დასრულებული, სომხეთი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს. ამავე დროს, თუ სომხეთი სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავს და მისი შედეგი იქნება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უარესი, მსოფლიო საზოგადოება, მათ შორის ჩინეთი, შეძლებს მხარი დაუჭიროს ქვეყანას სიტუაციის სტაბილიზაციაში. თუმცა მომავლის პროგნოზირება ახლა შეუძლებელია, მაგრამ უკვე შეიძლება გარკვეული ტენდენციების განსაზღვრა.

პირველ რიგში, იმის თქმა შეგვიძლია, რომ სომხეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში კორონავირუსის გავრცელებით ერთ-ერთი ლიდერი უკვე არის.

24 მარტის დილის მონაცემებით, სომხეთში 235 დადასტურებული შემთხვევა იყო. 14 პაციენტს ჰქონდა პნევმონია, მათ შორის 6 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. 600 ადამიანზე მეტი კარანტინშია, ათასზე მეტი კი, თვითიზოლაციაში. ჯამში, 1246 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება, დაახლოებით ექვსიდან ერთს აღმოაჩნდა ვირუსი. შედარებისთვის, 20 მარტის მონაცემებით, იტალიაში ეს მაჩვენებელი 5- დან ერთს აქვს. აშშ-ში, 7-დან ერთს, სამხრეთ კორეაში კი, 37-დან ერთს.

235 დადასტურებული შემთხვევიდან 133 ორ კლასტერთან არის დაკავშირებული – ეჩმიაძინის და ერევნის სამკერვალო ფაბრიკასთან. თუმცა რეგულარულად ჩნდება შემთხვევები, რომლებიც არ უკავშირდება არცერთ კალსტერს, ეს ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები გაგრძელდება.

ამავე დროს, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნორის ინფექციურ საავადმყოფოში, რომელმაც კორონავირუსთან ბრძოლისთვის პროფილი შეიცვალა, ერთი პაციენტი პნევმონიისგან გარდაიცვალა, თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შემთხვევას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს.

დღე-ღამეში, ახალი შემთხვევების რიცხვმა 30 შეადგინა, ეს ნიშნავს იმას, რომ ზრდა 18.75%-იანია. სხვა ქვეყნების ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ სოციალური დისტანცირების ზომების მიღების, ასევე ჰიგიენური ნორმების, კარანტინის, დეზინფექციების და ა.შ. გარეშე, დღეღამური ზრდა არის 50%-იანი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ნაბიჯებით  თითქმის 1/3- ით არის გავრცელება შეკავებული. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დაინფიცირებული კარანტინში ან საავადმყოფოშია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მესამედზე მეტი დაინფიცირებულებისა, რომლებსაც ჯერ არ აქვთ სიმპტომები, ჯერ კიდევ არ არიან იდენტიფიცირებული.

გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრირებულთა რიცხვი რეალურ სურათს  საშუალოდ 12 დღით ჩამორჩება, რეალური რიცხვი ინფიცირებულებისა მეტია. სომხეთში ზრდის ნელი ტემპების მიუხედავად, არ არსებობს გარანტია, რომ სხვა ქვეყნებიდან შემოსული დაინფიცირებული სურათს რადიკალურად არ შეცვლის.

თუკი მაინც წარმოვიდგენთ პოტენციურ ზრდას ყოველ 5 დღეში გაორმაგებით [საშუალო მსოფლიო ტემპები], უკვე 23 აპრილიდან სომხეთში სერიოზული პრობლემა იქნება შესაბამისი პაციენტების მომსახურების  კუთხით, ამიტომაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ეპიდემიის იქამდე შეჩერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ხელისუფლებას კარგი დრო აქვს მარაგში – მთელი თვე, რათა აირიდოს ასეთი განვითარება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი