ახალი ამბები

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

23 მარტი, 2020 •
მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

შსს-ს ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 00:30 საათზე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ხდება მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა და ქვეყანა გადავიდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

COVID-19-ის გადაცემა მოხდა წლისთავზე – პრემიერი

მასალების გადაბეჭდვის წესი