ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უსასრულო დისკუსია უძრავი ქონების ბაზარზე აფხაზეთში

31 აგვისტო, 2015 • • 1750
უსასრულო დისკუსია უძრავი ქონების ბაზარზე აფხაზეთში

თითოეული აფხაზი ლიდერი – სერგეი ბაღაფში, ალექსანდრ ანქვაბი და ახლა უკვე რაულ ხაჯიმბაც – თავიანთი პრეზიდენტობის რაღაც ეტაპზე გამოდიოდნენ თითქმის ერთი და იმავე ტექსტებით: უძრავი ქონების ობიექტები ისედაც იყიდება, ეს ჩრდილოვანი ბაზარია ფიქტიური პირების მონაწილეობით (რომლებსაც აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა), უნდა მოვახდინოთ ყველაფრის ლეგალიზება და მივიღოთ შემოსავლები ბიუჯეტში.

 

თუმცა ამ სიტყვების ხაჯიმბასგან მოსმენა მაინც უცნაური იყო. ოპოზიციაში ყოფნის დროს ის ოსტატურად ატრიალებდა “სამშობლოს გაყიდვის” საფრთხის თემას, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებს ჰქონდათ გაჩაღებული. თავად ოპოზიციაში ყოფნის დროს ვლადისლავ არძინბას პრინციპული მიმდევარი იყო, რომელიც უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვის ინიციატორი გახლდათ.

სოხუმი
სოხუმი

 

როგორც ჩანს, არსებობს ძალა, რომელმაც რაულ ხაჯიმბას ბაღაფშისა და ანქვაბის სიტყვების გამეორება აიძულა. საიდუმლო არაა, რომ აფხაზური უძრავი ქონების რუსებისთვის დახურული ბაზარი უკიდურესად არ მოსწონს რუსულ მხარეს. ამას არ მალავენ არც ოფიციალური პირები, არც კრემლის მომხრე რუსი ექსპერტები.

 

ახლა აფხაზეთში მთავარი საკითხია – აპირებს თუ არა ხაჯიმბა თავისი სიტყვების პრაქტიკულად განხორციელებას, თუ მისი წინამორბედების მსგავსად, ცხარე დისკუსიის ტალღას ააზვირთებს ამ საკითხზე და უკან დაიხევს? საკმაოდ ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ თავად ეს დისკუსია მრავალი წელია არის რუსეთისთვის პასუხი – ნახეთ, რა ბატალიებია ჩვენთან, ამიტომ არ დაძრათ ნავი. არა აქვს მნიშვნელობა, სურდათ თუ არა ბაღაფშსა და ანქვაბს უძრავი ქონების გაყიდვა რუსებზე. ხელშესახები პოლიტიკური შედეგების გარეშე მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს.

 

თუმცა პირველმა საზოგადოებრივმა რეაქციამ ხაჯიმბას ბოლო განცხადებაზე, რომ პარლამენტმა განიხილოს უძრავი ქონების ბაზრის გახსნის საკითხი, პირადად მე ცოტა დამაფიქრა. გასულ კვირაში სოხუმში მრგვალი მაგიდა გაიმართა (რუსული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული), რომელზეც ჟურნალისტებმა, მეწარმეებმა, იურისტებმა, არასამთავრობოების თანამშრომლებმა და საზოგადოებრივი პალატის წევრებმა პრაქტიკულად ერთხმად გამოთქვეს აზრი რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების (ოღონდ არა მიწის) შეძენის ნებართვის მიცემის სასარგებლოდ. ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად, მრავალრიცხოვანი დათქმებით გაკეთდა – აუცილებელია ყველაფრის გათვლა, უძრავი ქონების სახეობისა და რაიონების განსაზღვრა, სადაც შესაძლებელი იქნება მათი მიყიდვა უცხოელებისთვის.

 

ამის შემდეგ წარმოიშვა პაუზა, რომელიც სოციალურ ქსელებში მხოლოდ ბაზრის გახსნის ტრადიციულმა მოწინააღმდეგეებმა დაარღვიეს – ფონდ “აინარის” ექსპერტებმა და დეპუტატმა თენგიზ აგრბამ. ეს უკანასკნელი არ გამოირჩევა დიპლომატიურობით და პირდაპირ დაწერა: “როგორ შეიძლება ვლადისლავის სამართალმემკვიდრე, როგორც ის ჩვენ წარგვიდგინეს, მისდევდეს ანტივლადისლავურ იდეებს? სწორედაც რომ არძინბამ აკრძალა სრულად უძრავი ქონებისა და მიწის გაყიდვა, რომლის წყალობითაც დღემდე შენარჩუნდა აფხაზეთი”. თუმცა, როგორც ცნობილია, ბრძოლაში ერთი კაცი ომს ვერ მოიგებს.

 

კვირის ბოლოს საქმეში მძიმე არტილერია ჩაერთო – ხმამაღლა და ყველას გასაგონად აკრძალვის მოხსნის წინააღმდეგ გამოვიდნენ აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერები. აკადემიკოსმა თეიმურაზ აჩუგბამ ნათლად ჩამოაყალიბა სხვების მიერ მხარდაჭერილი გზავნილი: “აფხაზეთში განსახლების პოლიტიკის გაგრძელება უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის გზით პირდაპირ უქმნის საფრთხეს აფხაზი ხალხის საფუძვლიან ინტერესს, ეჭვქვეშ აყენებს აფხაზური სახელმწიფოს ფუნქციონირებასა და არსებობას”.

 

რომელ მოსაზრებას ემხრობა რაულ ხაჯიმბა, მიჭირს ამის თქმა. არანაკლებ რთულია დაითვალო – პროცენტულად რამდენი ემხრობა ბაზრის გახსნას და რამდენი წინააღმდეგია. ნათელია მხოლოდ ის, რომ საზოგადოებაში რეალურად არ არის ამ საკითხზე ერთსულოვნება.

 

“ეხო კავკაზას” ქუჩის გამოკითხვა არ არის მეცნიერული თვალსაზრისით რეპრეზენტატიული, მაგრამ აჩვენებს სერიოზულ წინააღმდეგობას შეხედულებებში.


იდეის მოწინააღმდეგეებს აქვთ აშკარად გამოხატული შიში რუსების მასობრივი მიგრაციისა აფხაზეთში. ისინი ისედაც არ არიან ცოტანი, აკრძალვის მიუხედავად. ბაზრის გახსნა აუცილებლად გაზრდის საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნას, აამაღლებს ფასებს. შედეგად, თავად აფხაზი მოსახლეობისთვის ის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება, რუსეთში ხომ ცხოვრების დონე უფრო მაღალია და ყოველთვის მოიძებნება არც ისე ცოტა რაოდენობა ხალხისა, რომლებსაც მოუნდებათ ზღვასთან სამოთხის ნაწილის ხელში ჩაგდება.

 

ცალკე თემაა – რუსული პასპორტების მქონე ქართველი დევნილების მიმართ შიში. “ეხო კავკაზას” გამოკითხვაში ერთ-ერთმა რესპონდენტმა პირდაპირ თქვა: “…საჭირო იქნება კომისია, რომელიც წინაპრებში ჩაიხედავს, რათა მესამე თაობამდე არ ჰყავდეთ ქართველი ნათესავები მათ, ვისაც შესაძლებლობა ექნებათ აქ შემოაღწიონ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცოლის გვარის მიღება და ამ გვარის ქვეშ უძრავი ქონების ყიდვა აფხაზეთში”.

 

რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არაა ცოტა ადამიანი, ვინც ემხრობა გაყიდვას. რუსულ ფინანსურ ყუნწზე მჯდომი აფხაზეთი, რომელსაც “რუსი პარტნიორები” პერიოდულად უწყვეტენ ფულად ნაკადებს, მწვავედ საჭიროებს ფულს. შესაძლოა ამანაც უბიძგა ხაჯიმბას ამ საკითხზე აზრის შეცვლა. უძრავი ქონების არსებითი ნაწილი ხომ სახელმწიფო საკუთრებაშია.

 

აკრძალვის გაუქმების მომხრეებს შორის, როგორც ჩანს, არიან არა მხოლოდ კანონის უზენაესობის დამცველები და აფხაზეთის ბიუჯეტის გულშემატკივრები, არამედ ისინი, ვისაც სურთ ბინებისა და სახლების გაყიდვა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი უძრავი ქონება იქნა “დაკავებული” ქართველი დევნილებისა, ასეთები, ალბათ, ცოტანი არ არიან.

 

ვინ გაიმარჯვებს შიშებისა და ინტერესების ამ რთულ შეჯიბრში, რთული სათქმელია. თუმცა ჯერ არავითარი კანონპროექტი პარლამენტში არ შესულა. პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო შესწორებებზე მუშაობის შესახებ ჯერ ასევე არაფერია ცნობილი.

 


  სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი