ახალი ამბები

მოვუწოდებ მთავრობას შეკრებების აკრძალვის რეგულაცია მკაფიო გახდეს – მარგველაშვილი

22 მარტი, 2020 • 1071
მოვუწოდებ მთავრობას შეკრებების აკრძალვის რეგულაცია მკაფიო გახდეს – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მთავრობას შეკრების აკრძალვის რეგულაცია საგანგებო მდგომარეობის დროს მკაფიო გახადოს.

მარგველაშვილი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ფეისბუკზე აქვეყნებს, სადაც წერს:

„მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;
-მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!,“ – წერია განცხადებაში.

მარგველაშვილი ამბობს, რომ მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მას შემდეგ მოცა, რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას, “ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!“.


გუშინ 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თავდაპირველად პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის დრო იკრძალებოდა 10-ზე მეტი მოქალაქეს ერთად შეკრება. თუმცა, შემდგომ, სხვა სახის განცხადებები გააკეთეს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, თუკი მართლმადიდებელი ეკლესია/მრევლი დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის წესებს და 10-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება წირვაზე, რაზეც თალაკვაძემ ასე უპასუხა:

„[საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ] დეკრეტში არ არის რაიმე რიცხვი განსაზღვრული, 10, 15 ან 20“

დღეს, 22 მარტს მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა სამების საკათედრო საკვირაო წირვა ჩატარდა, რა დროსაც ილია მეორემ მრევლს მიმართა. წირვები ჩატარდა სხვა ეკლესიებშიც.

დეკრეტით არ იზღუდება რწმენის თავისუფლება – თალაკვაძე წირვებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი