ახალი ამბები

კაიროდან კარანტინში – გრძელი და დაუგეგმავი მოგზაურობა

21 მარტი, 2020 • 2148
კაიროდან კარანტინში – გრძელი და დაუგეგმავი მოგზაურობა

ფოთოლგაცვენილი ხე და მომწვანო-მოყვითალო ბალახით დაფარული მიწა ის ხედია, რომელიც კიდევ 12 დღე არ შეიცვლება. ოთახი, რომელშიც კარანტინში დაბინავების შემდეგ ვცხოვრობ, დიდი სივრცით არ გამოირჩევა და მისი დატოვებაც, ცხადია, აკრძალული გვაქვს. შესაბამისად, ისღა დამრჩენია, ვიწვე და ვიფიქრო, როგორ გავირთო თავი, ახლობელი ადამიანების მოკითხვებს ვუპასუხო, გავაანალიზო, რომ COVID-19-მა დროზე ადრე დაასრულა ჩემი ეგვიპტური დღეები და პერიოდულად შევავლო თვალი ამ ხედს, რომელიც ჩემი “კარანტინული ყოფის” სიმბოლოდ იქცა. 

მეორე დღე სრულდება, რაც საირმის ამავე დასახელების სასტუმროში ვცხოვრობ და ყურადღებით ვაკვირდები ჩემს ტემპერატურას, 37 გრადუსს არ მიუახლოვდეს. ვფიქრობ, ერთი მხრივ წამადგება კიდეც ეს იძულებითი თვითიზოლაცია იმის გასაანალიზებლად, რაც ბოლო დღეებში, ძალიან სწრაფად დატრიალდა ჩემს თავს. 

ჯერ კიდევ 1 კვირის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. მე და ჩემი მეგობრები, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში არაბული ენის შესასწავლად ნახევარი წლის წინ წასულნი, აქტიურად მივადევნებდით თვალს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სტატისტიკას და არაფერი გვქონდა გადაწყვეტილი გამომგზავრებასთან დაკავშირებით. თუმცა, საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა ცნობებმა ალტერნატიულ, გაუსაჯაროებელ ციფრებთან დაკავშირებით, ჩვენს ჯგუფში მღელვარება გააძლიერა. საქართველოს საკონსულოსთან რამდენიმედღიანი კომუნიკაციის შემდგომ ბილეთები შევიძინეთ და 19 მარტს, შარმ ალ-შეიხის აეროპორტიდან, ჩარტერული რეისით დავტოვეთ ქვეყანა. აღნიშნულიდან მალევე, ეგვიპტის საჰაერო სივრცეც ჩაიკეტა. 

ასე დაიწყო ყველაზე გრძელი და დაუგეგმავი მგზავრობა ჩემს ცხოვრებაში. კაიროდან შარმ ალ-შეიხამდე 7-8 საათის გზაა, იქიდან ერევნამდე, სადაც თვითმფრინავი დაეშვა, კიდევ 3 საათი. აეროპორტშივე დაგვხვდა საქართველოს კონსული სომხეთში და მძღოლი, რომელმაც ჩვენი ტრანსპორტირება უზრუნველყო სომხეთის დედაქალაქიდან საქართველომდე. ყველაზე დამღლელი სწორედ ეს გზა აღმოჩნდა, ერევანსა და კარანტინს შორის. ორი ქვეყნის საზღვარზე ჯერ სიცხე გაგვიზომეს, სიმპტომების დაუფიქსირებლობის შემდეგ კი, ვისაც თვითიზოლაციის საშუალება ჰქონდა, საზოგადოებისგან განრიდების ეს გზა აირჩია, სხვებმა(უმრავლესობამ) – კარანტინი. 

მიკროავტობუსმა, რომელსაც კარანტინში უნდა გადავეყვანეთ, რამდენიმე საათში მოაღწია საზღვრამდე. თავდაპირველი ინფორმაციით გუდაურში მივემგზავრებოდით, თუმცა იქ მისულებს დაგვაწიეს ცნობა, რომ სასტუმროში ადგილები სრულად შეივსო. ამის შემდეგ გადმოგვიყვანეს საირმეში. მთელი ეს პროცესი, დაახლოებით, 30 საათს გაგრძელდა.

რა არის კარანტინი? ჩემს შემთხვევაში, ეს არის პატარა ოთახი საწოლით, სველი წერტილით, ტელევიზორით, გათბობითა და შესაბამისი ავეჯით. ოთახის დატოვება აკრძალულია. კარი ელექტრონული ბარათით იღება და იკეტება, გასაღებები კი, ოთახის დატოვების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, არ გადმოუციათ. კარანტინში მცხოვრები უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დილით, შუადღესა და საღამოს სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები სასტუმროს ნომრის კართან, სკამზე ტოვებენ საკვებით სავსე პარკს და კაკუნით ანიშნებენ კარანტინში მყოფს, რომ შეუძლია, თავისი ულუფა მიიღოს. თითოეული ულუფა რამდენიმე დასახელების კერძსა და ხილს, ასევე ერთჯერად ყავას, ჩაისა და წყალს მოიცავს.

საკვები კარანტინში მყოფთათვის; ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

 ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად, ოთახში თერმომეტრიც დაგვხვდა. პერიოდულად გვირეკავენ და ჩვენს ტემპერატურაც იწერენ. აქ მყოფი ყველა თანამშრომელი უნიფორმით გადაადგილდება. ოთახში არავის შემოდის. საჭიროების შემთხვევაში, მისაღებს ვუკავშირებით. 

ხედი სასტუმროდან. საირმე. ფოტო: ბუბუ გვაძაბია/ნეტგაზეთი

იზოლაცია ჩემთვის ახალი ფენომენი არ არის. ამ დღეებშიც იყო რაღაც მსგავსი: კაიროს დატოვებამდე 1 კვირით ადრე, ქვეყანას წყალდიდობა რომ დაატყდა თავს, განსაკუთრებული აუცლებლობის გარეშე სახლიდან არ გავსულვარ, შემდგომ კი ამ ყველაფერს კორონას თანმდევი, შეძლებისდაგვარი თვითიზოლაციაც დაემატა. ამ დროს ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ ვითარების სირთულის მიუხედავად, რაღაც შეიცვლებოდა და დაგეგმილზე თითქმის 3 თვით ადრე არ მომიწევდა სწავლის შეწყვეტა; არ დავტოვებდი ქალაქს, რომელმაც ხელგაშლილმა მიმიღო, თავისი ისტორიით, მრავალფეროვნებით აღმაფრთოვანა და ახალ მეგობრებთანაც შემახვედრა. თუმცა, ვირუსის შემდგომ რეალობაში არასტაბილურობა მთელი მსოფლიოს თავის ტკივილია და ხშირ შემთხვევაში, ამაზე გაცილებით მძიმე ფორმებითაც. ასე რომ, გონების ერთი ნაწილი ყველა სცენარისთვის იყო მომართული.

ამ დღეებში ცოტათი უცნაური შეგრძნება კი მაქვს. ერთი მხრივ, ვიაზრებ, რომ პატარა ოთახში უნდა ვიყო ჩაკეტილი ორი კვირის მანძილზე, საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის გარეშე. მათ შორის არიან მონატრებული ოჯახი და მეგობრები, რომლებთან შეხვედრაც სულ სხვაგვარად წარმომედგინა საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ. მეორე მხრივ, ბოლომდე ვერ განვიცდი სიმარტოვეს. ეს გრძნობა  განსაკუთრებით სოციალური მედიის თვალიერებისას მიჩნდება, როცა ერთი მხრივ, უამრავი მეგობრის გზავნილებს ვხედავ თვითიზოლაციიდან თუ იძულებითი კარანტინიდან, მეორე მხრივ კი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცემების მიერ შემოთავაზებულ გზებს, როგორ ვებრძოლოთ საზოგადოებისაგან უეცარი გამიჯვნის თანმდევ სირთულეებს. 

სიმარტოვის გრძნობის მოკვლას სასტუმროს მასშტაბითაც ვცდილობთ. კაიროდან დაბრუნებული ყველა სტუდენტი ერთ სასტუმროში მოგვათავსეს და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ვერ ვხედავთ, სასტუმროს შიდა ტელეფონით თუ სოციალური ქსელით, მუდმივ კონტაქტზე ვართ. ამასობაში, ჩემი აქამდე უცხო “თანამეკარანტინეებიც” გავიცანი… ფანჯრიდან. ერთ-ერთის ინიციატივით, იზოლაციის პირველი დღის საღამოს პატარა ”მადლიერების ტაში” აქაც გვქონდა მედ. პერსონალისა და სასტუმროს თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სერვისებით უზრუნველგვყოფენ. მუსიკაც ისმოდა ცოტა ხნით. ასე ხდება: ჩაკეტილობის ჟამს სოციალიზაციის ახალ გზებს ვეძებთ ხოლმე. 

როგორ წარმომიდგენია შემდგომი კვირები ამ ოთახში? მთლად ერთფეროვნებაში გადავარდნაც არ მემუქრება. კაიროს წიგნის ბაზრობებზე წამოსვლის წინ დაგეგმილი საყიდლები ვერ შედგა, თუმცა რამდენიმე წიგნი გამოვაყოლე ხელს, იქ ყოფნის ბოლო საათებში. ჩვენი ენების ცენტრიც მალე დაიწყებს ონლაინ ლექციებს, ვუყურებ,მოვუსმენ  და გაივლის ეს პერიოდიც. რაც უნდა იყოს, ყველა წითელი ხაზი ჯანმრთელობაზე გადის ახლა. ათასჯერ გამიგონია და მითქვამს, მაგრამ იმ გამოწვევამ, რომლის წინაშეც 2020-ში დადგა მსოფლიო, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არაფერია მისი ფასი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი