ახალი ამბები

გაუქმდეს კანონი ეკონომიკურ თავისუფლების შესახებ – ნაცვლიშვილი

21 მარტი, 2020 • 1366
გაუქმდეს კანონი ეკონომიკურ თავისუფლების შესახებ – ნაცვლიშვილი

დამოუკიდებელი პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შეკრებილ პარლამენტარებს მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას გააუქმონ საქართველოს კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ.

ბიურო ამ წუთებში განიხილავს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას და მის გამოცემულ დეკრეტს.

ბიუროზე განხილვისას ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს კანონი ეკონომიკური თავისუფელბის შესახებ, რადგან კანონი გულისხმობს, რომ მთავრობას არ შეეძლება 3%-ზე მეტი დეფიციტური საბიუჯეტო ხარჯის განხორციეება.

„ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს 3%-ზე მეტი დეფიციტური ხარჯი, საგარეო ვალი ხომ მოგვიწევს“? – თქვა მან და აღნიშნულ კანონს აბსურდული უწოდა.

არჩილ თალაკვაძემ მას საუბარი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ ნაცვლიშვილი, სავარაუდოდ, არ იცნობს იმ პროექტს, რომელსაც ბიურო განიხილავს, „რადგან იქ ამ საკითზე არის ექსკლუზიური რეგულაციები მოცემული“. მან ნაცვლიშვილს მოუწოდა, ამ საკითზე პლენარულ სესიაზე მოგვიანებით ისაუბროს.

მოგვიანებით მამუკა მდინარაძემ მას უპასუხა, რომ საგანგებო მდგომარეობის საფუძველი ის არის, რომ გადადგმულ ნაბიჯებს სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდეს.

რამდენიმე წუთში ნაცვლიშვილმა მათ კვლავ უპასუხა და განაცხადა: „ყოველთვის დეკრეტებით ხომ ვერ ვმართავთ ამ ქვეყანას, არა? ამიტომ, ახლავენ უნდა გავაუქმოთ ეს კანონი, რადგან მომავალ წელს, თუ ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა [მთავრობას ღონისძიებების განხორციელებაში], ხელი შეეშლება… და ზოგადად ეს კანონი ეკონომიკის დიდი შეზღუდვაა“.

არჩილ თალაკვაძემ მას უთხრა, რომ ბიურო კანონს ვერ აუქმებს და მიკროფონი გაუთიშა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის გამოცემულ დეკრეტში, მე-4 მუხლში წერია, რომ „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, გამოიყენოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო უფლებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვრული საგანგებო ბიუჯეტი“.

ვრცლად:

რა წერია პრეზიდენტის ბრძანებასა და დეკრეტში საგანგებო მდგომარეობაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი